ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ახალი იმედებით ვხვდებით.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება 26 მაისთან დაკავშირებით.
ჩემო თანამოქალაქეებო!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ვულოცავ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს!
მინდა
განსაკუთრებით
მივულოცო
საქართველოს
დამოუკიდებლობის
დღე სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. თქვენ, სამშობლოსგან მოშორებულები, თავდადებით ემსახურებით საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოებას.
26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია - 96 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მაშინ, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. თუმცა, ჩვენს ხალხს არ შეუწყვეტია ფიქრი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე. ყველა თაობა გულით და გონებით ატარებდა ამ იდეას.
23 წელია საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ დიდი ისტორიის ერი ვართ. ისტორიულად ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ამიტომაც უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის, დემოკრატიული სახელმწიფო, ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ეკადრება. ცივილიზებული სახელმწიფოს ძლიერება, პირველ რიგში, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა განვითარება და ხელშეწყობა ხელისუფლების ვალდებულებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა. თითოეული ადამიანის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვა დემოკრატიული ქვეყნის უმთავრესი ღირებულებაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ღირებულებები საქართველოში იყოს დაცული.
მეგობრებო,
დღევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ახალი იმედებით ვხვდებით. სულ მალე ჩვენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადავდგამთ ევროპასთან დაახლოების გზაზე - ზუსტად ერთ თვეში ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. მე მჯერა, რომ საქართველო, როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, თავისი კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში.
ჩემო თანამემამულეებო,
ჩვენ ყველანი მონაწილე ვართ იმ ისტორიული პროცესებისა, რომლებიც სინამდვილედ აქცევს ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას. საქართველო უახლოვდება ევროპულ სივრცეს და ეს პროცესი შეუქცევადია. საქართველო დიდი კულტურისა და დიდი ტრადიციების ქვეყანაა. ჩვენმა ტოლერანტობამ, კაცთმოყვარეობამ და სამშობლოს სიყვარულმა, მისთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ქვეყანა. ეს ის ძალა იყო, რამაც გადაარჩინა საქართველო და სწორედ ეს ძალა დააყენებს ახლაც ჩვენს ქვეყანას ფეხზე.
საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ავაშენებთ და გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ გახდეს ლიდერი რეგიონში და მჯერა, საქართველო ამას შეძლებს!
ჩვენი ქვეყნის განვითარება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. მჯერა, სწორედ ასე შემოვაბრუნებთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს ჩვენსკენ და აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ ერთ ენაზე, ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში!
მეგობრებო,
მოახლოებული არჩევნები ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს გადადგას ნაბიჯი წინ, დემოკრატიისკენ. ეს არჩევნები თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას გაითავისოს, რომ ეს ქვეყანა მისია და თავად უნდა უპატრონოს მას. მე ბევრს დავდივარ რეგიონებში და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს რეალური ძალაუფლება, ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს საკუთარი სოფლის, რაიონის, რეგიონის და, საბოლოოდ, ქვეყნის ბედი. მხოლოდ ასე, ყველა ერთად, შევძლებთ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ხალხს, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს თავგანწირვისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი, დემოკრატიული და წელგამართული ქვეყანა.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
კომენტარი