თბილისში 21 წლის ბიჭმა 19 წლის ძმა ცივი იარაღით მოკლა
სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში - 21 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარი 19 წლის ძმა ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიჭი პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი