სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

SH2 - 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა

122 მმ-იანი საარტილერიო სისტემა SH2 არის რიგით მეორე, ჩინური წარმოების თვლიან შასიზე დაფუძნებული თვითმავალი ჰაუბიცა. SH2, კომპანია NORINCO-ს მიერ შემუშავდა. ფართო საზოგადოებამ ახალი საარტილერიო სისტემა პირველად 2007 წელს იხილა. SH2 მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი, თუმცა, მოწონების შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია საარტილერიო სისტემა ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის შეიარაღებაშიც შევიდეს. თვითმავალი ჰაუბიცის სერიული წარმოება დღემდე არ დაწყებულა და არც ისაა ცნობილი, თუ რა რაოდენობით იგეგმება მისი წარმოება.

თვითმავალი საარტილერიო სისტემა SH2, შეიარაღებულია 122 მმ-იანი ჰაუბიცით, რომელიც ჩინური PL96-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიციდან არის გადმოტანილი, ხოლო თავად PL96 საბჭოთა Д-30-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცის ჩინურ ასლს წარმოადგენს. SH2-ის გარდა, ეს ჰაუბიცა სხვა მრავალ ჩინური წარმოების თვითმავალ საარტილერიო სისტემაშიც გამოიყენება, მათ შორის: Type 89-სა და Type 85-ის ტიპის 122 მმ-იან ჰაუბიცებში. SH2 შეთავსებადია იმ ამუნიციასთან, რომელიც საბჭოურ Д-30-ში გამოიყენება. ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური მანძილი ჭურვის ტიპზეა დამოკიდებული. შორი მოქმედების ჭურვებით სროლის მაქსიმალური მანძილი 22 კილომეტრს შეადგენს, ხოლო რეაქტიული ჭურვების გამოყენების შემთხვევაში, მაქსიმალური მანძილი ხუთი კილომეტრით, 27 კილომეტრამდე იზრდება. ჰაუბიცა, ასევე, შეთავსებადია ადგილობრივად წარმოებულ მაღალი სიზუსტის მართვად ჭურვებთან, რომლებიც რუსული კიტოლოვის ტიპის 122-მმ-იანი მსგავსი დანიშნულების ჭურვის ასლს წარმოადგენს. 2001 წელს, რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კიტოლოვის ტიპის ლაზერით მართვადი ჭურვები ჩინეთის მიერაც იწარმოება. საარტილერიო სისტემა SH2 პირველი ჭურვის გასროლა ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია.

თვითმავალი ჰაუბიცის ეკიპაჟი 4 ან 5 კაცისაგან შედგება. საარტილერო სისტემის კაბინა დაჯავშნულია და ეკიპაჟის დაცვას მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. SH2-ის ეკიპაჟი ასევე დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან, ანუ ის აღჭურვილია NBC-ის დაცვის სისტემით.

საარტილერიო დანადგარი დაფუძნებულია ახალ 6 x 6 კონფიგურაციის მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანის შასიზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა ახალი შექმნილია, მას უდიდესი მსგავსება გააჩნია ამერიკულ HMMWV-ისთან და მიიჩნევა, რომ ის სწორედ ამერიკული სამხედრო მანქანიდან განვითარდა. ძალური დანადგარის სახით, თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თავისი მცირე წონის გამო, 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა SH2-ის საჰაერო გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია უმრავლესი საშუალო ტვირთამწეობის სატრანსპორტო თვითმფრინავით.

army.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100