არშემდგარი თვითმკვლელობა და პრობლემები საზოგადოებაში
„13 წლის ჩამოუყალიბებელი და სულელლი მოზარდი ვიყავი, როცა მეგონა, რომ ამ სამყაროში ჩემი ადგილი არ იყო, როცა მეგონა, რომ არავინ მამჩნევს, რომ არავის ვჭირდები და რომ საერთოდ არანაირი აზრი ჰქონდა ჩემს ყოფნა არ ყოფნას.
გადავწყვიტე საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა. ბევრი არ მიფიქრია იმაზე თუ როგორ უნდა გამეკეთებინა. უბრალოდ ავდექი და ფანჯრიდან გადმოვხტი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გადავრჩი. სამწუხაროდ იმიტომ რომ 12 წელია უკვე ეტლს ვარ მიჯაჭვული და საბედნიეროდ იმიტომ რომ ცოცხალი ვარ დღეს.
უამრავი ტანჯვა და ტკივილი გადავიტანე, რაც რეალურად ამად არ მიღირდა. წლები ვიყავი სრულად პარალიზებული, დაკარგული მქონდა მეტყველებისა და შეგრძნების უნარი. თუმცა, როცა ამ ნაბიჯს ვდგავდი საერთოდ არ დამიშვია ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ცოცხალი გადავრჩენილიყავი და შეიძლებოდა იმაზე უარესად დავტანჯულიყავი და იმაზე უარესად მდომოდა სიკვდილი ვიდრე ეს გადმოხტომამდე მინდოდა.
ეტლში ჩაჯდომის შემდეგ ყველაფერი უფრო გართულდა. ახლა უფრო მაწუხებდა ის ფიქრები რომ ზედმეტი ვიყავი ოჯახისთვის, ზედმეტი წვალება და თავის ტკივილი, თუმცა ამაზე ფიქრსაც კი აზრი აღარ ჰქონდა უკვე, დამოუკიდებლად წყალსაც ვერ ვსვამდი და ხელმეორე თვითმკვლელობაზე გაფიქრებაც კი აბსურდული იყო.
როცა სულიერად და ფიზიკურად ცოტათი მოვძლიერდი, გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი, აი აქ უკვე დაიწყო სერიოზული პრობლემები, პრობლემები საზოგადოებასთან, პრობლემები ქუჩაში გადაადგილებაზე.
ადამიანები ისეთი თვალებით მიყურებდნენ თავს განცალკევებულად ვგრძნობდი, თითქოს მე იმ საზოგადოების ნაწილი არ ვიყავი, თითქოს ყველას ვეცოდებოდი და თან ვეზიზღებოდი. რთულია ადამიანების ასეთ მზერას ისე შეხვდე თითქოს ეს ჩვეულებრივი მომენტია. ნუთუ არ მივიდა საზოგადოება განვითარების იმ დონემდე, რომ ყოველ ასეთ სანახაობაზე ერთი და იგივე რეაქცია არ ქონდეს?
ყველაზე დიდ სიცივეს კი უფროსი თაობისგან ვიღებდი, არ ვიცი რატომ. რატომღაც ჩემი მშობლების თაობას გონია, რომ რადგან ეტლში ზიხარ შენ შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობასთან ერთად შეზღუდული გონება გაქვს, ამიტომ არასდროს მიყურებენ ისე როგორც ადამიანს.
ამას გარდა პრობლემები ყველგან არის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარეთ, შენობებში პანდუსების არ არსებობა. ქუჩებში პანდუსებზე გაჩერებული მანქანები.
და ამ ყველაფრის ფიქრისას მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, ნუთუ ღირდა ამად 12 წლის წინ ჩადენილი „გმირობა“?
კომენტარი