ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის საქმიანობით აშშ–ს პროკურატურა დაინტერესდა
2008 წელს ეკონომიკური კრიზისის დროს ბევრმა კომპანიამ სხვადასხვა არაკანონიერი ქმედებებით სცადა კომპანიის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. ასეთ იყო Goldman Sachs–ი, რომლის საქმიანობითაც ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.
ნიუ–იორკის პროკურორები ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკისგან 2008 წელს ბანკის საქმიანობის ახსნას და განმარტებებს ითხოვენ.
Goldman Sachs-ის საქმიანობით სხვა ორგანოებიც არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) და აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო.
მიმდინარე წლის აპრილში აშშ–ს სენატმა გაავრცელა მოხსენება, რომელშიც მითითებული იყო, რომ Goldman Sachs–ი ინვესტორებზე აქტიურად ყიდდა იპოთეკაზე მიბმულ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც დაუბრუნებლობის მაღალი რისკით ხასიათდებოდა. პროკურორები ეჭვობენ, რომ Goldman Sachs-ი თავის კლიენტებს გაურკვევლობაში ითრევდა და საკუთარი რისკი მათზე გადაჰქონდა. Goldman Sachs-ის პრეს–მდივანმა გაავრცელა განცხადება, რომ ბანკი ყველა სახელისუფლებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
პროკურატურის მიერ გაგზავნილი მოთხოვნა საინვესტიციო ბანკის მიმართ, სახელმწიფო უწყებას უფლებას აძლევს გამოითხოვოს დაარქივებული დოკუმენტები, კორესპოდენციები, ელექტრონული მიმოწერები. ეს საგამოძიებო სტრუქტურებს საშუალებას მისცემს გამოააშკარაონ და შეისწავლონ ყველა ის დეტალი, რომლებითაც შეიძლება დადასტურდეს Goldman Sachs–ის თაღლითური ქმედება.
გასულ წელს Goldman Sachs–ის მიმართ ასეთივე ბრალდებით ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია გამოდიოდა. რეგულატორი ბანკს კლიენტების შეცდომაში შეყვანაში და მათზე რისკიანი ფასიანი ქაღალდების მიყიდვაში დებდა ბრალს.
საბოლოოდ კი დეტალების გარკვევის შემდეგ საინვესტიციო ბანკს 550 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. ამის მათ შეძლეს დროებით თავი აერიდებინათ კანონდარღვევის აღიარებისთვის. მოახერხებს თუ არა უმსხვილესი კომპანია ისევ „გამოძვრეს“ შექმნილი მდგომარეობიდან რთული სათქმელია.
კომენტარი