სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი პარტია, ორივე რუსეთის ა–სული და ორივე „ქართული“

ოპოზიციას ხშირად დავუყენებივართ არჩევანის წინაშე, თუმცა 21 მაისის აქცია, მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა. ორი არჩევანი, ორი ადგილი, ორი პარტია და ერთი რუსული გეგმა. „სახალხო კრებამ“ 2 მაისს „გამაზული“ აქციის შემდეგ, ახალი თარიღი შემოგვთავაზა . 21 მაისს ბურჯანაძის თანამოაზრეები ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებენ და როგორც თავად ამბობენ, ქვეყნის გადარჩენას იწყებენ.

„სახალხო კრების“ მიერ დაანონსებულ აქციას, ფეხის ხმასავით აყვნენ „ქართულ პარტიაში“. ბურჯანაძე არც ამ დრომდე აკლებდა კიწმარიშვილის გუნდს ლანძღვა–თათხვას და იმასაც ამბოდა, ჩემს იდეებს იპარავენო. როგორც აღმოჩნდა, „ქართული პარტია“ თარიღების ქურდიცაა.

აქამდე პარიზიდან ირაკლი ოქრუაშვილი იკლავდა თავს, არ გაეკაროთ ბურჯანაძეს და მის თანამოზრეებსო, არც მის „სახალხო კრებას“ და მათ იდეებსო, მაგრამ როცა საკუთარი არაფერი გაგაჩნია, იძულებული ხარ მოიპარო. დაახლოებით ისეა, „ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო“.

ჯერ კიდევ, „ჯეიმსთაუნის“ ანალიტიკოსმა უწოდა „ქართულ პარტიას“ შფოთიანი პოლიტიკოსების ალიანსი. შფოთიან ალიანსში, როგორც ჩანს, არ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებენ. ამის გამო კიწმარიშვილისა და „გრეჩიხას“ დუეტი, ნინო ბურჯანაძეს და საზოგადოებას თარიღებით ეთამაშება.

„ქართულმა პარტიამ“ სპექტაკლების ფონზე (სოფელ პატარძეულის გამგებელი, ჩვენს მხარეს გადმოვიდაო) პირველი აქცია გამართა კახეთში. სწორედ იქ გაჩნდა იდეა, ლოკომოტივის სტადიონზე პარტიის მასშტაბური აქცია 21 მაისს გაიმართოს.

ის კი მაინც დაავიწყდათ, რომ მხარდამჭერთა სიუხვეს არცერთი პარტია არ განიცდის და თავისუფლების მოედანიც და ლოკომოტივის სტადიონიც, მათთვის საკმაოდ დიდია.

არავინ უარყოფს, რომ მმართველი გუნდის მოწინააღმდეგე საზოგადოების ნაწილი არსებობს ქვეყანაში. სწორედ ამ ნაწილს მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუ სად წავიდეს 21 მაისს. არც ის არის გამორიცხული, რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ 21 მაისს დაანონსებული აქციის თარიღი შეცვალოს და საზოგადოებას ახალი თამაში შესთავაზოს.

ყველას კარგად ახსოვს, ლევან გაჩეჩილაძის განცხადება 2009 წლის აპრილის მოვლენების დროს, – ხალხო, მოვიდეთ ყოველდღე აქ და დავბირჟავდეთო. მორიგი „ბირჟა“ „ქართულ პარტიას“ ლოკომოტივის სტადიონზე ექნება. ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილის შფოთიანი თანაგუნდელები, სტადიონზე „დაბირჟავდებიან“, მანამდე ბურჯანაძის ასული შეეცდება თავისუფლების მოედანზე ბორისოვთან კონსულტირებული გეგმის განხორციელებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100