სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი ლექსით თქმული სათქმელი: როინ აბუსელიძის „ჩვენთან, დიდაჭარაში“

„დრონი.ჯი“ ამ რუბრიკით როინ აბუსელიძის ლექსს „ჩვენთან, დიდაჭარაში“ წარმოგიდგენთ.

ნენე ისე ფაშფაშებს, ოდა ორთქლში გახვია,
თეთრი ადგას ალიონს და იღვიძებს მამალი,
დილას, რაღაც, სხვაგვარი გათენება ატყვია,
მჭადზე ჯვარი წითლდება, ძირძველი და ალალი.

მოტეხილი დიდნენეც წელში ისე გასწორდა,
იფიქრებდა ინსანი, რომ ცა ქუდად ეხურა,
პაპა როცა ტაბლაზე ციცრის კვერცხებს აწყობდა,
მაშინ ბაბას მეჩეთში წასვლა ეუხერხულა...

თენდებოდა საოცრად - გაღმა ყანა ყვაოდა,
ნალიაზე ეკიდა ფიჩხი-ფუტის ხელჩანთა,
ხოლო ღელე გამოღმა მდინარესთან დაობდა
და კლდეების კატარში ვარდისფერი მზე ჩანდა.

პაპამ ოდის სასარკმლეს ფარდა ჩამოაფარა,
მერე კარი ჩაკლიტა და ბუხართან მივიდა,
ნენემ კვერცხი წითელი ტალიკებზე გაშალა,
ჯვარი გამოისახა, დაჯდა და აქვითინდა.

აუხსნელი რჩებოდა ირგვლივ ჩემთვის ყოველი,
ახლაც თვალწინ მიდგება, ნენე როგორ ტიროდა,
ასე, ჩვენი ოდიდან, თენდებოდა სოფელი
და ყოველ წელს აღდგომა ასე შემოდიოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100