„არემჯი“ ჯგუფი როგორც დღემდე, ისე მომავალშიც გაემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ განცხადებას
“არემჯი” ჯგუფი კომპანიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაუშვებელად მიაჩნია კომპანიის საქმიანობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ რაიმე სახის ჩარევა კერძო პოლიტიკური დივიდენდების მიღწევის მიზნით.
„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა ე.წ. „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ერთობლივად „არემჯი“ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟისა თუ სოციალური აფეთქების მცდელობის შემცველი ქმედებები. ყოველივე ეს უკვე ღიად დასტურდება „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებში, სადაც ისინი აღარ ერიდებიან იმ ფაქტის საჯაროდ აღიარებას, რომ ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა თუ მათი ცალკეული წევრების მიერ (სერგო რატიანი, კობა ნაყოფია, ნინო გოგუაძე და სხვ.) „არემჯი“ ჯგუფის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის კონსულტაციებსა თუ ინფორმაციის გაცვლას. საინტერესოა, რას უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული კონსულტაციები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახეზეა აშკარა მცდელობა კომპანიის საქმიანობის შეჩერებისა და სოციალური აფეთქების პროვოცირებისა.
პოლიტიკური პარტიების მიერ კერძო კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში ასეთი უხეში ჩარევა ბუნებრივად აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ყოველივე ეს ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს, რათა მოხდეს კომპანიის პარალიზება და ამით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა სოციალურ ფონზე, რაც გამოწვეული იქნება უმუშევრობის მატებით, სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტში შენატანების მნიშვნელოვანი შემცირებით და ა.შ.
კომპანიას არაერთხელ განუცხადებია და საზოგადოებისთვის განუმარტავს, რომ რჩება კანონის ერთგული და საქმიანობას ახორციელებდა და ამჟამადაც განაგრძობს მხოლოდ მისთვის კანონდებლობითა და ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
„არემჯი“ ჯგუფში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ კომპანია აქტიურად ზრუნავს და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას საწარმოში დასაქმებული თანამშრომლების პირობების გაუმჯობესების მიზნით, რაც გამოიხატება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში, ჯანდაცვისა და სხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაში, დასაქმებულთა დაზღვევისა თუ ეკოლოგიური მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებაში.
უკვე ყველასთვის ცნობილი, რომ ამ კუთხით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიამ კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ჯანსაღ მიდგომას მის მომავალ საქმიანობაზე.
რაც შეეხება ყაჩაღიანის #1 უბანს (ე.წ. საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვს), იგი უკვე დიდი ხანია, კანონის სრული დაცვით აღებულია. ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები და ნებისმიერი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ყაჩაღიანის #1 უბანზე ადგილი აქვს კულტურული ფასეულობების განადგურებას, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება. საყურადღებოა ფაქტი, რომ ე.წ. საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვი აღებულია, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებს თავადაც არაერთგზის განუცხადებიათ, თუმცა ყოველ ჯერზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ჩარევის შედეგად ყაჩაღიანის ბორცვის თემით მანიპულირება პერიოდულად კვლავ აქტუალური ხდება, რაც სხვა არაფერია, თუ არა სიცრუის მორიგი ტირაჟირება და საზოგადოებისთვის „პოპულარული“ თემით ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა.
„არემჯი“ ჯგუფი ასევე გვერდს ვერ აუვლის კომპანიის ბიზნეს მფლობელობასთან ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რაც პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ „არემჯი“ ჯგუფში ბიზნეს-ინტერესის ფლობას უკავშირდება. საგანგაშოდ მიგვაჩნია „საყდრისის გადარჩენის კომიტეტსა“ და კობა ნაყოფიას შორის გამართული კონსულტაციები კომპანიის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც დამატებით ეჭვებს აღძრავს კომპანიის საქმიანობაში არაჯანსაღი ჩარევისა და შესაძლო პარალიზების გამოწვევის კუთხით. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებთან გამართული კულუარული კონსულტაციები ხომ არ ემსახურება „არემჯი“ ჯგუფში ბიზნეს-ინტერესის მფლობელობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარების მიზნით კომპანიისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და სოციალური აფეთქების თემით სპეკულირებას.
როგორც არაერთხელ გაჟღერდა, დეტალურ ინფორმაციას პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ „არემჯი“ ჯგუფის ბიზნესში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი დიმიტრი ტროიცკი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თავად გააჟღერებს.
„არემჯი“ ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაუშვებელად მიაჩნია კომპანიის საქმიანობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ რაიმე სახის ჩარევა კერძო პოლიტიკური დივიდენდების მიღწევის მიზნით. კომპანია როგორც დღემდე, ისე მომავალშიც გაემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ განცხადებას.
ამასთან, ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით “არემჯი” ჯგუფი, კანონის ფარგლებში, უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას იმ კონკრეტული ღონისძიებების გამოყენების შესახებ, რომლის მიზანი კომპანიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე სიმართლის დადგენა, ასევე ყველა მონაწილე პირისა თუ მათი რეალური მიზნების სათანადო მხილება იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარი