პოლიციელმა თავში ძლიერად დამარტყა, რის გამოც ინერციით გადავწექი, ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა იარაღი ჩამიდეს
პოლიციელმა თავში ძლიერად დამარტყა, რის გამოც ინერციით გადავწექი მეორე სავარძლისკენ და ამ დროს ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა იარაღი ჩამიდეს, - ამის შესახებ ორი დღის წინ დაკავებულმა სპორტსმენმა მინდია ოჯახიშვილმა ხელვაჩაურის სასამართლოს სხდომის დროს მოსამართლეს განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციას არ განუმარტავს, რისთვის აკავებდნენ. ოჯახიშვილი სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებს.
"პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა, შემდეგ კი ორი პოლიციელი მოვიდა, ერთმა კარი გამოაღო და მითხრა - ჩაჯდა მანქანაში და ხელები დააწყე საჭესთან. 15 წუთში მოვიდა პოლიციის რამდენიმე მანქანა და ბევრი პოლიციელი. ჩემს მანქანასთან მოვიდა ერთ-ერთი, გამოაღო ჩემი მხრიდან კარი და ძლიერად დამარტყა თავში, რის გამოც ინერციით გადავწექი მეორე სავარძლისკენ. ამ დროს ვიგრძენი, რომ მაისურს მიღმა რკინის მეტალი შემეხო. ვიყვირე, ბიჭო,რას მიკეთებთ. ამ დროს ერთმა კისერზე მომქაჩა, ერთმა ფეხზე, მანქანიდან გადათრევის დროს თავი მიმარტყმევინეს, რის გამოც წამიერად გონებაც დავკარგე, ჩავვარდი ძირს, ვყვიროდი იარაღს რატომ მიდებთ. ამ დროს მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჰაერში ამწიეს როგორც მიცვალებულს ასწევენ ისე ვყავდი რვა პოლიციელს ჰაერში ატაცებული. ვყვიროდი, გარშემო მყოფ ხალხს ვეუბნებოდი, რომ იარაღს მიდებდნენ და დამხმარებოდნენ", - აღნიშნა მინდია ოჯახიშვილმა.
დღევანდელ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ოჯახიშვილს ბრალი დაუძიმდა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებიან, რასაც მინდია ოჯახიშვილი უარყოფს.
პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა მიმალვის საშიშროების არსებობის გამო, ოჯახიშვილის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ კი შუამდგომლობა დააყენა და 20-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მინდია ოჯახიშვილის გათავისუფლება მოითხოვა.
კომენტარი