ჩიკაგოს შუქ-ჩრდილები ანუ რა ჩაიწერა ნატოს 25-ე სამიტის დეკლარაციაში საქართველოზე
ნატოს ყველაზე წარმომადგენლობითი და მასშტაბური, 25-სამიტის დეკლარაციაში საქართველოსადმი მიძღვნილი ნაწილი საკმაოდ კატეგორიულად ჟღერს რუსეთისთვის და ერთგვარ მოწოდებას შეიცავს საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რადგან ხაზგასმულია 2012 და 2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების აუცილებლობა.
დეკლარაციაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ნატო ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დროს მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია და რომ ნატოს პოზიცია, სამომავლოდ საქართველოს ნატოში აუცილებლად გაწევრიანების შესახებ, ისევ დასტურდება:
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების და ასევე მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს“.
სამიტზე ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს რეფორმების წინ წაწევაში, თუმცა იმავე სამიტის გადაწყვეტილებით წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც დარჩა იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა. საქართველოს MAP–ის მიცემაზე უარი ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე უთხრეს.
ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნატო–საქართველოს კომისიას და საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას „ცენტრალური როლი აკისრია იმ პროცესის ზედამხედველობაში, რომელიც ბუქარესტის სამიტზე დაიწყო“.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რათა რეფორმების გზით, თავისი ყოველწლიური ეროვნული პროგრამის და ნატო–საქართველოს კომისიაში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობით მიაღწიოს თავის ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით გავაფართოვოთ საქართველოს კავშირი ალიანსთან, მათ შორის საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკური დიალოგის, პრაქტიკული თანამშრომლობის და თავსებადობის შემდგომი გაძლიერების გზით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციის თანახმად, ნატო მიესალმება და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის დემოკრატიულ, საარჩევნო, სასამართლო სისტემის, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ 2012 და 2013 წლებში თავისუფალი, სამართლიანი და ასევე ისეთი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
საქართველო ნატოს სამიტზე ჩიკაგოში განსაკუთრებული - ასპირანტის სტატუსით იყო მიწვეული და საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსის ყველა საკვანძო სხდომასა თუ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ჩიკაგოში ახალგაზრდა ატლანტიკოსებთან, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მასთან დაკავშირებულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა:
"კარგად ვიცით, რომ ალიანსში ჩვენი ინტეგრაცია გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული. ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები ურყევია“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჩიკაგოს ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციებიც ვერ შეაცვლევინებს აზრს ნატო-სთან დაკავშირებით.
"სამწუხაროდ, ბევრად ძლიერი ძალები ცდილობენ, რომ უკუვაგდოთ ეს იდეა, საქართველოშიც გვყავს ხალხი, ვინც ამას დროდადრო აპროტესტებს, მაგრამ ის ვალდებულება, რომელიც ნატო-ს წინაშე ვიკისრეთ, შეუქცევადია და ამას ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესიც მიანიშნებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე საქართველოს წვლილზე ISAF-ის მისიაში. სააკაშვილის თქმით, ავღანეთში 2000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა და იყო მსხვერპლიც.
"ISAF-ის მისიაში ჩვენი მონაწილეობა, თავის მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გვსურს უსაფრთხოების არა მარტო მომხმარებელი ვიყოთ, არამედ მისი შემქმნელიც. ნატო-სთვის ეს ჩვენი წარმატების მაგალითია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„დიდ ფულსა და დემოკრატიას შორის კონკურენციაში, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და საქართველოშიც ასე მოხდება“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „დელეგიტიმაციის შეთქმულება ჩაშალა“.
აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვაზე, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, სააკაშვილმა უპასუხა: „ძალიან მარტივი შეკითხვაა: საქართველოს კონსტიტუციაში ახლახანს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე რომც არ იყოთ და იყოთ ევროკავშირის მოქალაქე, შეგეძლებათ კენჭი იყაროთ ნებისმიერ არჩევნებში.
ჩვენ ძირი გამოვუთხარეთ შეთქმულებას, რომელიც ჩვენი არჩევნების დელეგიტიმაციას ისახავდა მიზნად, რადგანაც ვფიქრობ, რომ რაც ქართული დემოკრატიის მტრებს სურთ, არის ის, რომ საქართველო გამოიყურებოდეს ქვეყნად, რომელიც თავის ოპოზიციას საარჩევნო უფლებებს ან სხვა უფლებებს ართმევს. რამდენი ქვეყანა აძლევს უფლებას არამოქალაქეებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა? ჩვენ ვაკეთებთ ამას და მიზეზი, რისთვისაც ვაკეთებთ, ისაა, რომ ჩვენ არ გვინდა ვინმემ შელახოს ის რეალობა, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა“.
დამატებით შეკითხვაზე, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას ეხებოდა, სააკაშვილმა უპასუხა: „ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ. ნებისმიერ ადამიანს, აქვს მას დიდი ფულადი რესურსი თუ სხვა რამ, შეუძლია ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა – ეს პრობლემა არ არის.
რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის ის, რომ ზოგად პრინციპს ხელშეუხებელს დავტოვებთ. ეს ჩარჩო არის ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთი ადამიანი არის ერთი ხმა მიუხედავად იმისა, თუ რა რესურსები დგას ამ პიროვნების უკან და საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ყოველთვის, როცა ადგილი აქვს კონკურენციას – გარე საფრთხეები ეროვნული განვითარების წინააღმდეგ, ან დიდი ფული დემოკრატიის წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, კეთილი საქმე ყოველთვის იმარჯვებს და მიმაჩნია, რომ საქართველოშიც ასე მოხდება", – აღნიშნა მან.
კომენტარი