სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის და რა სახის პარტიას ქმნის საქართველოში მინდია გულუა

მინდია გულუას პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ჯერჯერობით, მხოლოდ კარგად დაანონსდა და სხვა არაფერი, მაგრამ ამ ანონსში იმდენი გზავნილია ჩადებული, რომ განხილვად ღირს. თუ ანონსს და გზავნილებს კარგად გავშიფრავთ, დაახლოებით ასეთ, საკმაოდ ამბიციურ განაცხადს მივიღებთ, რომელშიც, მოლოდინის ინტრიგაც ოსტატურადაა „ჩამონტაჟებული“:

პარტიის სათავეში რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებიიქნებია, სათავის სათავე კი მინდია გულუა იქნება;

პარტიის სახელსა და სლოგანზე ამჟამად მსოფლიოში კარგად ცნობილი პიარ-კომპანია მუშაობს;

პარტიის მესვეურებს, მეტიც - წევრებს შორის ვერ ნახავთ პოლიტიკურ პერსონებს, რომელთა სახელებიც ადრინდელ პოლიტიკურ მარცხსა და ინსინუაციებთან ასოცირდება;

პარტიის საგარეო ვექტორი აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული;

ამავდროულად, პარტია იზრუნებს იმაზე, რომ აღდგეს(?!) რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება, მასთან ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები;

პარტიის პრიორიტეტი საქართველოს გამთლიანება, ეკონომიკის ფეხზე დაყენება და აგრარული სექტორის სრულიად ახლებური გააზრება იქნება.

პარტიის სავარაუდო თავმჯდომარე, მინდია გულუა ქართველ რეჟისორს, ლევან ანჯაფარიძეს რუსულ-ქართული ურთიერთობის შესახებ ახალ ფილმს დაუფინანსებს;

პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

მოკლედ, საქართველოში ჯერ არ „არის ასეთი პარტია (მაგრამ აუცილებლად იქნება), რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება კი არ უნდა დამყარდეს, არამედ უნდა აღდგეს. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალად მოსჩანს, მაგრამ სწორედ ასეთი დეტალებით იგრძობა ჯერარდაბადებული პარტიის პათოსი. რასაკვირველია, ჯერ არავის დაუსვამს და, იმედია, უახლოეს მომავალში ვინმე ეუცილებლად დასვამს შეკითხვას, როგორ წარმოუდგენია პარტიას იმის აღდგენა, რაც არასდროს ყოფილა.

ისე კი, ცალკე აღნიშვნისა და დაფასების ღირსია მინდია გულუას ოპტიმიზმი, თუკი მას ჰგონია, რომ ქართულ ოპოზიციურ წრეში არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელები „არ ასოცირდება ადრინდელ პოლიტიკურ მარცხსა და ინსინუაციებთან“.

საერთო ტენდენციის მიხედვით, ინტელიგენციიის შემოქმედებითი ნაწილი ასეთი, საქართველოს ფარგლებს გარედან მართვადი პარტიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მთავარი დასაყრდენი ნაწილია და ეს ტენდენცია არც ამ შემთხვევაშია დარღვეული: ჯერარდაბადებული პარტიის სახელით საქართველოში კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე საუბრობს და პარტიის პრიორიტეტებზე საუბრისას არც იმის გამო ავიწყდება სიხარულის გამოხატვა, რომ მინდია გულუა ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ ახალ ფილმს დაუფინანსებს.

ახლა კი ორიოდ სიტყვა პარტიის დამფუძნებელსა და სავარაუდო თავმჯდომარეზე, მინდია გულუაზე და იმაზე, რამდენად შეუძლია მას საკუთარ თავს უწოდოს „ადრინდელ პოლიტიკურ მარცხთან და ინსინუაციებთან“ კავშირის არმქონე პოლიტიკური ფიგურა.

მინდია გულუა მილიონერი რუსეთში გახდა. სტატუსით იგი დევნილია, სოხუმიდან. ის ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ალექსანდრე ებრალიძისა და ვლადიმერ ხომერიკის გვერდით გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ გავლენების გადანაწილების გამო უთანხმოება მოუხდათ, რის შემდეგაც გულუამ დამოუკიდებელი მოძრაობა „საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა და აქტიურად დაიწყო ებრალიძე-ხომერიკის ტანდემიდან დიასპორის წარმომადგენლების გადაბირება.
მინდია გულუა რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული პირია. ის კრასნოდარის ოლქში პუტინის „ედინაია რასიას“ პარტიული სიითაც იყრიდა კენჭს. სხვათა შორის, ალექსანდრე ებრალიძის „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღემდე შემონახულია ინფორმაცია და ფოტო კონგრესში მინდია გულუას გაწევრიანების შესახებ, საკმაოდ ტევადი სათაურით: „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი მომხრეებს იძენს“.

ახალი პარტიის შექმნის იდეა მისთვის საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში გამოჩენისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი არ არის: მის მიერ დაფინანსებული “დევნილთა კონგრესი“ 2009 წელს დაფუძნდა. 2011 წლის აპრილში ეს ორგანიზაცია თანადამფუძნებლებმა – გოგი სილაგაძემ და თენგიზ ლომიამ დატოვეს. მიზეზი ორგანიზაციის რუსული ფულით დაფინანსება და ნინო ბურჯანაძის პარტიული ინტერესების გატარება იყო. აი, რას ამბობდა გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში მაშინ თენგიზ ლომია:

ახლახან გამოჩნდა ახალი ცარიელი და ფიქციური ორგანიზაცია „საქართველოს სახელით“. კრასნოდარში ჩამოყალიბდა და უკვე „ფედერალური“ გახდა. მისმა ერთპიროვნულმა ლიდერმა, რომელმაც ფული არყის გაყიდვით იშოვა, გადაწყვიტა, ბიზნესინტერესები ამოვწურე და სახელისუფლებო „კრიშას“ მოვიპოვებო. ეს ადამიანია ვინმე მინდია გულუა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქართული დიასპორა დიდი ხმაურით.

2006 წელს მინდია გულუაზე თავდასხმაც განხორციელდა. ის საკუთარ „ჰამერში“ ააფეთქეს, თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა. ოფიციალური ვერსიით, მომხდარი წილების გადანაწილებას დაუკავშირდა, არაოფიციალურად კი გამოითქვა ვარაუდი, რომ გულუამ აფეთქების სცენარი თავად გაითამაშა. ამჟამად გულუა ხელმძღვანელობს სრულიად რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველოსთვის“, რომელიც, როგორც თავად ამბობს, 53 რეგიონს აერთიანებს. რუსეთში მას კრასნოდარის #1 ბიზნესმენადაც იცნობენ.

მინდია გულუა აფინანსებს „დევნილთა კონგრესს“, ხოლო კონგრესი არის ჩართული ნინო ბურჯანაძის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. თავად მინდია გულუა ამბობს, რომ არანაირი პარტიული ინტერესები არ გააჩნია, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მინდია გულუა რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. დევნილთა კონგრესს ძირითადი წარმომადგენლობები აქვს რუსეთის ტერიტორიაზე. ამჟამად მინდიას მთავარი პარტნიორი გახლავთ მისი ნათესავი დავით გულუა, რომელიც ბადრი ბიწაძის ძმაკაცია. ეს ცნობილი ფაქტია. როცა ბიწაძე იყო სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით გულუას მისი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ისინი ერთად მოდიან სამსახურებრივადაც. სხვათა შორის, დევნილთა კონგრესის პირველი შეხვედრებისთვის გამოყენებული იყო სწორედ ის ოფისები, რომელიც ნინო ბურჯანაძეს ეკავა.თვითონ დათო გულუა ამბობს, რომ მინდია არაა ერთადერთი, ვინც კონგრესს აფინანსებს, არის კიდევ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანხების მოზიდვითო, თუმცა, როგორც წესი, არ ასახელებენ ამ ჯგუფებს. აქედან გამომდინარე, დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ეს არის კრემლის ფული, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის თანხები, რომელსაც ეს ადამიანები ნინო ბურჯანაძის მოძრაობას ახმარენ, იყოს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული. ბატონი დავით გულუა გენერალია, იყო აფხაზეთის შს მინისტრი, მერე – სატრანსპორტოს ხელმძღვანელი, შემდეგ ბადრი ბიწაძის მოადგილე გახდა და ა.შ. დანარჩენს აღარ გავაგრძელებ...“

მოკლედ, ინტრიგა შემოგდებულია: ქართული პოლიტიკური რეალობა ახალ პარტიაზეა ორსულად და ამქვეყნად მისი მოვლინების თარიღიც, ასე თუ ისე, დადგენილია - შემოდგომა, როცა წიწილების დათვლის დროა. ექსპერტები ჯერ „ნაყოფის განვითარებას“ აკვირდებიან და დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობენ, თუმცა, უმრავლესობა მაინც თანხმდება იმაზე, რომ ჯერარდაბადებული „ჩვილი“ პარტია ზღაპრის იმ პერსონაჟადაა ჩაფიქრებული, რომელიც ყოველდღე უნდა გაიზარდოს მაშინ, როცა სხვები წლობით იზრდებიან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100