სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპარტნიორო ფონდსა და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმება გაფორმდა

თბილისი. 31 აგვისტო; საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრიაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს. პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

პარტნიორთა შეთანხმების ფარგლებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკო ქალაქი - „თბილისი ეკო გრინ სითი“ აშენდება. საინვესტიციო გეგმებში შედის ასევე გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. „ჯინო გრინ სითის“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიამ საპრტნიორო ფონდს გადასცა 261 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა ინვესტორს შესრულებული საინვესტიციო დაპრების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის განთავსების შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და ა.შ. 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.

„ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ სლოვაკურმა კომპანია „ჯინო ინვესტმა“ დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.

ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. „ჯინო ინვესტის“ მიერ საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს მონაწილეობდა. ფონდის ხელმძღვანელი სლოვაკეთში ბიზნეს, საბანკო, საფინანსო და საპროექტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. სლოვაკი ინვესტორები ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ საქართველოში, დაათვალიერეს საქართველოს რეგიონები და რაჭაში, სადაც ხელი მოაწერეს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობას, „ჯინო გრინ სითის“ პროექტის განხორციელებისთვის. რის შემდეგაც, პროექტში ჩაერთო თბილისის მერია და ფონდს გადმოსცა აღნიშნული მიწის ფართი.

საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ნოემბერში გააფორმა.

„ჯინო ინვესტის“ ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს: ფონდმა ბიზნეს ჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ გახსნა, რომელიც სამცხე - ჯავახეთის რეგიონში წარმატებით ოპერირებს. „ჯინო ინვესტის“ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტია ასევე „ჯინო ფერედაისი,“ აკვაპარკი, რომელიც ამიერკავკასიაში მიჩნეულია როგორც ყველაზე მასშტაბური გასართობი და სარელაქსაციო კომპლექსი. აკვაპარკის საინვესტიციო ვალდებულება შეადგენდა 7 მლნ ევროს, ხოლო ინვესტორის მხრიდან დაიხარჯა 30 მლნ ევრო. ჯინო ინვესტმა ახლახანს გახსნა მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა.“ 22 ნომრიანი სასტუმრო განსხვავებული ინტერიერით, სპა და ველნეს მომსახურებით დამსვენებელს ულამაზეს ხედებს სთავაზობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100