ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება რუსულ დაკვეთად მიმაჩნია... პატრიოტული ხელისუფლება გენერალს უნდა აჯილდოებდეს - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. მესამე პრეზიდენტი მიმართვას გორის ჰოსპიტალიდან ავრცელებს:
"გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.
მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საქმეზე გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
კომენტარი