საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სამუშაო ვიზიტს დღეს დაასრულებს
სუამ- ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სამუშაო ვიზიტს მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქში, კიშინიოვში დღეს დაასრულებს. ორი სამუშაო დღის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა და დაამტკიცა სუამ- ის საპარლამენტო ასამბლეის, ბალტიის ასამბლეისა და პოლონეთის საპარლამენტო დელეგაციის საერთო განცხადება და კომუნიკე.
გუშინ, 10 ნოემბერს, საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
ზურაბ აბაშიძე სიტყვით გამოსვლისას შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სუამ-ის 3 წევრი ქვეყნის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, საქართველოში მიმდინარე წარმატებული ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია და რუსეთ-აფხაზეთის ინტეგრაციის ხელშეკრულება და რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ.
ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდნენ სხვადასხვა დელეგაციის წევრები და ექსპერტები ენერგეტიკის, უსაფრთხოების, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების, განათლებისა და ვაჭრობის საკითხებზე. ასამბლეაზე ასევე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ბატონი ნოდარ ებანოიძე, რომელმაც ტურიზმის სფეროში სუამის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სუამ- ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციიდან მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე, ასევე დელეგაციის წევრები, გედევან ფოფხაძე და ნოდარ ებანოიძე. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა მუშაობას დღეს დაასრულებს.
კომენტარი