სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: სარკოზის დავუდასტურე, რომ პუტინსაც დაველაპარაკები, ოღონდ თანასწორობის პრინციპით

დღეს თბილისში ევროპის უძლიერესი ლიდერი ლაპარაკობდა, რომლის ქვეყანამაც ბოლო პერიოდში აფრიკაში ორი ომი მოიგო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა .
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისმა ქვეყანამ მოიგო ომები კოტ-დივუარსა და ლიბიაში და, ამავდროულად, ის არის ლიდერი, რომელიც რუსეთთან ყველაზე კარგად არის. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამის მიუხედავად რუსეთს ის ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ელაპარაკობა.
"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია სარკოზიმ გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციას შეადარა. ეს ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველამ კარგად იცის რითიც დამთავრდა. ადრე თუ გვიან, ყველა ოკუპაცია მთავრდება. დღეს გამოჩნდა, სად არის ევროპის სიმპათია. დაშინებისა და მოსყიდვების მიუხედავად რუსეთმა ევროპის პოლიტიკა ვერ შეცვალა. ევროპამ თქვა - არ ვიყიდებით და არ დავუშვებთ გავლენის სფეროების დაბრუნებას. ნიკოლა სარკოზიმ დღეს პასუხი გასცა საბჭოთა კავშირის დაბრუნების მსურველ პუტინს – უთხრა, რომ საბჭოთა კავშირი ვეღარ აღდგება", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე გაიგებენ ამას მოსკოვში, მით უკეთესია.
სააკაშვილის თქმით, ნიკოლა სარკოზისთან საუბრისას დაადასტურა, რომ მზად არის ესაუბროს პუტინსაც, მაგრამ მხოლოდ თანასწორობის პრინციპით. "ეს უნდა იყოს თანასწორი პირების შეხვედრა და არა ისე, როგორც მას ჰგონია - კუთხეში მიგვაჭედებს, მოგვისყიდის და ძირს გამოგვითხრის. ვერაფერსაც ვერ გამოგვითხრის. 1921 წელს ევროპამ გაყიდა საქართველო. დღეს სარკოზის ვიზიტი ნიშნავს, რომ გაყიდვებისა და ჩაბარების ეპოქა დასრულდა. მთელს მსოფლიოში დაძრწის რუსეთი და მეათეხარისხოვანი წარმონაქმნების გარდა ვერავის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. იმის ლეგალიზება, რაც მან საქართველოში ჩაიდინა, შეუძლებელია. თავი დაგვანებონ, გვაღიარონ, წაიყვანონ თავისი ჯარები და ისიამოვნონ ჩვენი პლაჟებით, მაგრამ ჩვენ მათთვის დასათმობი მიწა არ გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არ აქვს ილუზია, რომ რუსეთი საქართველოში მეხუთე კოლონის ძებნაზე ხელს აიღებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ისინი თავიანთი განზრახვის ბოლომდე მიყვანას ვერასოდეს შეძლებენ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნიკოლა სარკოზის ვიზიტის ფარგლებში ქართულ და ფრანგულ მხარეებს შორის რამდენიმე ეკონომიკურ პროექტზე კონტრაქტები გაფორმდა. ხელშეკრულებებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და საფრანგეთის პრეზიდენტის დელეგაციაში შემავალმა მინისტრებმა მოაწერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100