სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოტე კუბლაშვილი სასამართლოზე დარტყმის საფრთხეზე საუბრობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის რამდენიმე პუნქტს აკრიტიკებს.


როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიის დაწყებამდე კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის მიხედვით, მოსამართლეებს არ აქვთ უფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩიონ საერთო სასამართლოების თავმჯდომარეები, მოადგილეები, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეები.


" ასევე, ამ კანონის მიღებისთანავე უფლებამოსილება უწყდებათ მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ორივე ეს ცვლილება არის პირდაპირი დარტყმა სასამართლოზე", - აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.


მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს წინადადებაა, ეს არ მოხდეს, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დამოუკიდებელი იყოს.


"თუ ეს განხორციელდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ყოველ წუთს შეიძლება დაემუქროს საფრთხე, რომ კანონში ცვლილებების შეტანით საკანონმდებლო ხელისუფლება მას სწრაფად შეუწყვეტს უფლებამოსილებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანო და ერთ-ერთი მთავარი ნაწილია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. მისივე ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა, რომლის დროსაც აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა.


"მათ ჩვენი შენიშვნები დიდი ხანია მივაწოდეთ და ახლა ოფიციალურად გადავუგზავნით პარლამენტის თავმჯდომარეს, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელს, რომ პარლამენტში განხილვისას გაითვალისწინონ ჩვენი შენიშვნები", - განაცხადა კუბლაშვილმა.


მისი თქმით, პროექტში უზენაესი სასამართლოს ერთადერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული.


"ამ კუთხით რომ წასულიყვნენ სხვა დანარჩენი შენიშვნების შემთხვევაშიც, კარგი იქნებოდა. ბევრ საკითხში ჩვენ ვთანხმდებით იუსტიციის სამინისტროსთან, ოღონდ საჭიროა ორი თუ სამი შეცდომის გამოსწორება, რომელიც მათ პროექტშია ", - განაცხადა კუბლაშვილმა.


ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლო დარბაზში ვიდეოგადაღებაზეც საუბრობს, რომელსაც ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს. კუბლაშვილის განცხადებით, თუ სავალდებულო გახდება ყველა საქმის გადაღება, გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეების ინტერსები.


"ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის ინტერესი, რომელსაც ჩვენების გადაღების შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100