სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელის ელჩი: საქართველოს გადაწყვეტილება ჩვენთვის სამწუხარო მოულოდნელობა იყო

გაეროს ასამბლეაზე საქართველოს მიერ პალესტინისთვის არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებისთვის მხარდაჭერას გამოეხმაურნენ როგორც ისრაელის ელჩი საქართველოში, ასევე საგარეო უწყება და საპარლამენტო უმცირესობა.

საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან მათთვის მოულოდნელობა იყო, თუმცა, მისი თქმით, ეს არ გამოიწვევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მკვეთრ ცვლილებებს უარესობისკენ:

“გაეროს მსგავსი რეზოლუციებით ჯერ არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შექმნილა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მშვიდობის მომხრე ვართ, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს - პირდაპირი მოლაპარაკებები. ეს არის გზა იერუსალიმსა და რამალას შორის, რომლის გავლას მანქანით სულ ათიოდე წუთი სჭირდება - არაა აუცილებელი საათობით იფრინო ნიუ-იორკამდე. ჩვენთვის საქართველოს გადაწყვეტილება სამწუხარო მოულოდნელობა იყო, მაგრამ შემიძლია ისიც გითხრათ, რომ საქართველოს ადმინისტრაციასთან გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობები, რომლებიც გუშინ არ დაწყებულა და არც დღეს დამთავრდება“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში.

დიპლომატისგან განსხვავებით, უფრო მკაცრ შეფასებას აკეთებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე:

„მე რომ ვყოფილიყავი ისრაელის ელჩი საქართველოში დაუყოვნებლივ დავტოვებდი თანამდებობას, ვინაიდან ჩავთვლიდი, რომ საქართველოში ჩემი მისია ამოწურულია. იმის ნაცვლად რომ ორ ქვეყანას შორის კეთილგანწყობა შენარჩუნებულიყო, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ორი მიმართულებით უნდა გვეთანამშრომლა აქტიურად, ეს არის - სახალხო დიპოლომატია და ბიზნეს-პარტნიორობა. დღეს ძალიან მნიშვენლოვანი იყოს საქართველოს და ისრაელის თანამშრომლობა, მაგრამ მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ გართულებებია მოსალოდნელი.“

სამაგიეროდ, იმედიანად არიან საქართველოს საგარეიო უწყებაში, სადაც აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან ზედაპირული არ ყოფილა და მას წინ უძღოდა კონსულტაციები როგორც აშშ-სთან, ასევე სხვა ქვეყნებთან:

"ჩვენ გავაგრძელეთ ეს პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად გვქონდა აღიარებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1992 წელს საქართველოს პალესტინა ჰყავს აღიარებული. გარდა ამისა, ქართული მხარე რეგულარულად უერთდებოდა გაერო-ში წარმოდგენილ რეზოლუციებს, რომელიც ეხებოდა ჰუმანიტარულ საკითხებს და ყოველთვის გმობდა ძალადობას და ტერორს.

რაც შეეხება რეზოლუციას, ჯალაღანიას თქმით, ყოველგვარი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, ქართულმა მხარემ გააკეთა დათქმა ხმის მიცემისთანავე, რომელშიც განისაზღვრა მისი დამოკიდებულება და ხედვა რეზოლუციის ტექსტის მიმართ. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ საქართველო არ განიხილავს ამ სტატუსს, როგორც პალესტინისთვის გაერო-ს მუდმივი წევრის სტატუსს.

რაც შეეხება კითხვას, რეზოლუციაზე თანხმობის შედეგად ხომ არ იქნება მოსალოდნელი ისრაელთან ურთიერთობის დაძაბვა, დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ეს ნეგატიურ ზეგავლენას არ მოახდენს ორმხრივ უერთიერთობებზე და ამ დრომდე ისრაელის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას პროტესტი არ მოჰყოლია.

როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რეზოლუციაზე თანხმობა შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, ხოლო გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით იქნა მიღებული, და არა აქვს მნიშვნელობა, პიროვნულად ვინ იყო გაერო-ში იმ მომენტში და ვინ ასწია ხელი."

უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც დღეს პარლამენტში მკვეთრი შეფასებებით გამოიღცეოდა. ასე მაგალითად, შოთა მალაშხიამ მომხდარი ფაქტი „ჰამასის“ აღიარებას შეადარა:

„ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და, ფაქტობრივად, „ჰამასის“ აღიარებას ნიშნავს. სწორედ იმ „ჰამასის“, რომელმაც სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ, რომ ივანიშვილს თითქოსდა წამოსცდა „სახელმწიფო“ პალესტინაზე საუბრის დროს და მერე განაცხადა, რომ ამ საკითხში ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერევით და ვერევით ძალიან ცუდად“, - ამბობს პარლამენტის წევრი.

საქართველოს მიერ პალესტინისთვის არაწევრი დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. ქართველ მომხმარებელთა უმრავლესობა მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს და წერს, რომ საქართველოს პალესტინისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა. ამ პოზიცაზე მდგარმა იუზერებმა ფბ-ში გვერდი „ბოდიში ისრაელს“ შექმნეს, სადაც ბოდიშს უხდიან ებრაელებს საქართველოს სახელით მიღებული გადაწყვეტილების გამო. გვერდის მომწონებელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100