სალვადორ დალი და იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება
სალვადორ დალის თავის დროზე ნათქვამი აქვს საკუთარი შემოქმედების შესახებ: „ნეტავ რა თავს იტეხენ ხელოვნებათმცოდნეები ჩემი ნამუშევრების ამოსაცნობად, ხშირად თავადაც არ ვუწყი, თუ რასა ვქმნი!“
მაგრამ არსებობდა გამონაკლისები თვით დალისთვისაც – თავისი ცნობილი სურათისათვის, სადაც კვერცხი–დედამიწა, ქალი და ბავშვი იყვნენ გამოსახულნი, ავტორს ძალზე ფილოსოფიური სათაური შეურჩევია: „გეოპოლიტიკური შვილი, ახალი ადამიანის დაბადების შემყურე“… მაგრამ მხოლოდ ფილოსოფიური?
ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ სურათის არსს თანამედროვე ინტერპრეტატორები, ხელოვნების ერთ–ერთ ვებ–გვერდზე: „სურათის სახელწოდება შეიძლება აღვიქვათ პაროდიად მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ოპტიმისტურ განაცხადზე „ახალი სამყაროს“ შესახებ, რომელიც ფაშიზმის დამარცხების შემდეგ უნდა შექმნილიყო. „გეოპოლიტიკა“ – ოცდაათიან წლებში მოდური მეცნიერება გახლდათ, რომელიც იკვლევდა გეოგრაფიული ფაქტორების გავლენას ქვეყნების ბედისწერაზე და, განსაკუთრებით, მათ განფენილობაზე კონტინენტალურ სივრცეებში.
ბავშვის თანადასწრება მოზრდილი ადამიანის დაბადების პროცესში, თეორიას აზრს უკარგავს და მაყურებლის სკეპტიციზმს აძლიერებს. ადამიანი დედამიწის სფეროდან წიწილასავით იჩეკება. დედამიწის ქერქიც რბილ გარსს უფრო ჰგავს, ვიდრე ნაჭუჭს – კონტინენტებიც კი მორბილებულან და საცაა ჩამოიღვენთებიან; დასავლეთ აფრიკა უცნაურ წვეთს გამოყოფს – ხოლო ქალის ერთდროულად კუნთოვანი და გამოფიტული სხეული სურათს შიშის ზარის მომგვრელ ხასიათს ანიჭებს.“
ჩვენ არაფერი გვექნებოდა სადაო ამ განმარტებასთან, რომ არა ერთი საგულისხმო გარემოება – ქალს რუკაზე საქართველოსკენ აქვს თითი მიშვერილი!
ამ სანახაობის შემხედვარე, გინდა თუ არა, ყოველ ქართველს გაახსენდება იოანე ზოსიმეს ცნობილი სტრიქონები: „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.“
და თუ ამ ქართველს კარგად ექნება განვითარებული ერთდროულად წარმოსახვისა და თვითკრიტიკის უნარი, იქვე ოპონენტთა მრავალრიცხოვან არმიასაც წარმოიდგენს, რომელიც დაჰკიჟინებს: კარგი, რა – ყოველგვარ თვითგანდიდებასა და ამპარტავნებას ხომ აქვს საზღვარი – სად სალვადორ დალი და სად საქართველო, ვეღარ მოეშვით ამ პატარა ერის არასრულფასოვნებოვან მესიანისტურ იდეებს?
დიახ, ყოვლგვარ ასეთ ქმედებას ექნებოდა საფუძველი და გამართლება, რომ არა ერთი გარემოება – სალვადორ დალი რეალურად იყო სულიერად დაკავშირებული საქართველოსთან!
მხატვარს, ამერიკაში ცხოვრების პერიოდში, 1940–იან წლებში, ახლო მეგობრობა ჰქონდა კეთილშობილი ქართული გვაროვნების ღირსეულ წარმომადგენელ –არჩილ გურიელთან. 1937 წლიდან აშშ–ში ემიგრირებული არჩილ გურიელი იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. იგი დაქორწინებული გახლდათ კოსმეტიკური პროდუქტების დედოფალ ჰელენა რუბინშტეინზე, ვისთან ერთადაც ნიუ–იორკში გახსნილი ჰქონდა „გურიელის სახლი“, სადაც ფუნქციონირებდა ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული განყოფილება ძვირიანი კოსმეტიკური პროდუქტებისათვის, ცალკე – ქალებისა და ცალკე –მამაკაცებისათვის.
ცოლ–ქმარი ოცი წელი ცხოვრობდა სიამტკბილობაში და მათი სახლი სასურველი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა მრავალრიცხოვანი პატივსაცემი სტუმრებისათვის. სწორედ ამ პერიოდში დაახლოვდნენ არჩილ გურიელი და სალვადორ დალი, რომელიც ხშირად სტუმრობდა გურიელების ოჯახს. თუ როგორი მეგობრობა უნდა ჰქონოდათ სალვადორ დალისა და არჩილს, ამის თაობაზე მოწმობს ერთი ფრიად საინტრიგო შემთხვევა, რომელიც გაახმაურა ქურდობაში წარუმატებელმა ორმა ქართველმა.
ამბავი მომხდარა დალის ამერიკული ოდისეიდან დიდი ხნის შემდეგ, უკვე ესპანეთში. ამ ორ ქართველს, გვარიანი ალაფის იმედად, გადაუწყვეტია მხატვრის ბინის გაძარცვა და ღობეზე გადამძვრალან, იმით დაიმედებულნი, რომ მასპინძელი შინ არ დახვდებოდათ. მასპინძელი კი მოულოდნელად სახლში აღმოჩენილა, მაგრამ, როდესაც გაუგია, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები ქართველები იყვნენ, პოლიციის გამოძახების ნაცვლად, სახეგაბრწყინებულს სუფრასთან მიუწვევია ისინი და სიამოვნებით მოუყოლია, რა მხიარულად ატარებდა ხოლმე დროს არჩილ გურიელთან ნიუ–იორკში!
ხოლო, ის, რომ ეს წვეულებები უბრალო დროის ტარება არ იყო, ამაზე მეტყველებს დალის მიერ დახატული არჩილისა და მისი მეუღლის პორტრეტები: სურათზე არჩილი ჩაქურაშია გამოწყობილი, ხოლო ჰელენა –კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე–ამირანის სახით არის ჰიპერბოლიზირებული! ცხადია, ქართული ეთნიკური თავისებურებებისა და ქართულ–ბერძნული მითების შესახებ ცნობებს დალი კრებდა ქართველი მასპინძლისაგან! ახლა კი ის დროა, მოვიშველიოთ ლოგიკა და დავასკვნათ, რომ ცნობები საქართველოსა და ბერძნულ–ქართული მითების შესახებ კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ მიეწოდებოდა მხატვარს ამერიკის ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელისაგან და ეს ეპიზოდები ქართული საეკლესიო და საერო ისტორიის ფრაგმენტებად მოიაზრებოდნენ, სადაც ისტორიის მთელ ქსოვილში თავისი საგანგებო ადგილი დათმობილი ექნებოდა იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველებასაც!
ამდენად, დალის ნამუშევრის თარიღი – 1943 წელი ოდენ საცდურია მისი შინაარსის ფაშიზმთან დასაკავშირებლად, ხოლო სათაური – სათავე არათუ ფილოსოფიური, არამედ საღვთისმეტყველო, აპოკალიფსური შინაარსით გასავრცობად; ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, სურათის მიხედვით სად მიეთითება დასაბამზე და სად ხდება დაბადება, მაშინ, წინასწარმეტყველების ასრულების შემთხვევაში, შეგვეძლება საკუთარი ღირსება სრულად შევინარჩუნოთ ზესახელმწიფოს მიმართ, რომლის ფიზიკური დახმარების სანაცვლოდ შთავბერავთ მას ხელახალი სულიერი დაბადების საწყისს!
კომენტარი