სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკირებს მიაჩნიათ, რომ დიდი ჰესების აშენება სასურველიც არის და შესაძლებელიც

საქართველოს ჰიდროენერგოპოტენციალის გამოყენება, ჰესების და მათ შორის მსხვილი სადგურების მშენებლობა და ამ სექტორში ბანკების ჩართულობა მნიშვნელოვანია, - მიაჩნიათ ბანკირებს.

აზერბაიჯანული „რაბიტაბანკის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ შურღაია აღნიშნავს, რომ „ხუდონჰესის" პროექტის დეტალების კურსში არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ ამ პოტენციალის გამოყენება, მათ შორის დიდი ჰესების მშენებლობა აუცილებელია.

„იდეალური გადაწყვეტილებები არ არსებობს. ჰესების მშენებლობა იწვევს გარემოზე ზემოქმედებას. ვფიქრობ, დიდი ჰესის მშენებლობა სასურველია და შესაძლებელიც, ისე, რომ მოტანილი სარგებელი ზიანს აჭარბებდეს", - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

ამასთან აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში, დადებითის და უარყოფითის ფასიც იცვლება - რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით მეტად აქცენტირებული უნდა იყოს სარგებელზე და გარემოს ნაკლები ყურადღება ექცევა.

შურღაია საბანკო სექტორის როლზეც საუბრობს, - „ქართული კომერციული ბანკების მონაწილეობაც სასურველია, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროექტების მომგებიანობა და რისკიანობა ბანკების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, და პირიქით, ბანკების საკრედიტო რესურსების ფასი პროექტებისთვის მისაღები იქნება. ჯერ-ჯერობით ეს კომბინაცია უმრავლეს შემთხვევაში ძნელად მუშაობს. გამეხარდება, თუ სურათი შეიცვლება რეალურად თუ პროექტი ეკონომიკურად გამართლებული, მომგებიანი, საკმაოდ მსხვილია და ჰყავს კაპიტალის მომწოდებელი სპონსორი (ანუ მხარე ვინც არის მფლობელი, იღებს ყველაზე დიდ რისკს დაფინანსების სტრუქტურაში - equity contribution-ის სახით) და პროექტი არის სათანადოდ სტრუქტურირებული (კონტრაქტი გაყიდვაზე/ტარიფზე, გადაცემაზე, მშენებლობაზე)."

ქართულ ბანკებს ხუდონის მასშტაბის მსხვილი ჰესების დაფინანსების გამოცდიულება ჯერ არ გააჩნია, თუმცა „საქართველოს ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრი არჩილ გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ ამის დროც მოვა.

არჩილ გაჩეჩილაძე ენერგოსექტორში ბანკების მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ძირითადი მიზეზის გამო - საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და ინვესტორების მოძიება.

ამასთან, არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს ბანკი" სისტემატურად აკვირდება სექტორს და შესაბამის კვლევებს აქვეყნებს, მათ შორისაა "საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალი“, რომლის განახლებულ ვერსიას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100