სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ფოტოშოპი არ არის: მაიამის პოლიციამ უტვინო ადამიანი დააკავა (ვიდეო)

არც ეს ფოტოა ფოტოშოპში დამზადებული და სათაურში გამოტანილი „უტვინოც“, ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობითაა ნახმარი: მაიამის პოლიციამ 26 წლის კარლოს როდრიგესი დააკავა, რომელსაც... ტვინი არა აქვს. როგორც გაირკვა, მძიმე ავტოავარიის შემდეგ ჩატარებული ოპერაცია მას შუბლისა და ტვინის დაკარგვად დაუჯდა, თუმცა, თუ თავის უცნაურ მოყვანილობას არ ჩავთვლით, ის არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი ადამიანებისგან.

მაიამის პოლიციის განყოფილების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ეს ფოტო და თვითონ როდრიგესი ესოდენ პოპულარულები ვერ გახდებოდნენ, რომ არა როდრიგესის მხრიდან კანონის უპატივცემულობა და მისი ხშირი დარღვევა: ახალგაზრდა მამაკაცი პროსტიტუციის ხელის შეწყობის ბრალდებითა და იმ მიზეზით იძებნებოდა, რომ არ გადაიხადა ჯარიმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სასამართლომ დააკისრა.

მაიამის პოლიციამ როდრიგესი მალე იპოვა და განყოფილებაში წაიყვანა, იქ კი ლამის ძალის გამოყენება დასჭირდათ იმისათვის, რომ მამაკაცს ქუდი მოეხადა, რათა ტრადიციული, პროფილ-ანფასის ფოტოები გადაეღოთ. მიღებული წესის მიხედვით, ფოტოები ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა და ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში. იმის დასამტკიცებლად, რომ საქმე გვაქვს რეალურად არსებულ პიროვნებასთან და არა ფოტოშოპში დამზადებულ ყალბ ფოტოსთან, „დრონი.ჯი“ სტატიას ურთავს ვიდეოს, სადაც თვითონ როდრიგესია გამოსახული. ვიდეო „იუთუბზეა“ ატვირთული.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დავინტერესდით, ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევები მსოფლიო ან საბჭოთა მედიცინის ისტორიაში. ჩვენს მიერ მოგროვილი ცნობები თანაბრადაა როგორც საინტერესო, ასევე სენსაციურიც:

ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციის ზღურბლზე ჟურნალმა „ხალხი და ბუნება“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე ტვინის გარეშე?“. მისი ავტორი, ა.ბუკე სტატიაში უამრავ მაგალითს ასახელებს, რათა დაამტკიცოს, რომ ტვინი სულაც არაა ერთადერთი და აუცილებელი პირობა ადამიანის გააზრებული ცხოვრებისთვის.

„ათი წლის ბიჭი თავში დაშნით დაჭრეს. ჭრილობა უმძიმესი იყო: თავის ქალის ძვლები გახვრეტილი, სარქველები ღია - ჭრილობიდან ტვინმაც კი გამოჟონა. ყველას გასაკვირად, ბავშვი მომჯობინდა, თუმცა სამი წლის შემდეგ სულ სხვა მიზეზით გარდაიცვალა. მისი გაკვეთის შემდეგ მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მას ტვინი არ ჰქონდა“. ა.ბუკემ ეს მაგალითი ჰოლანდიელი ექიმის, ლუზიტანუსის შრომებიდან მოიყვანა, რომელიც მე-16 საუკუნეში მოღვაწეობდა.

სტატიაში კიდევ ერთი, დოქტორ დეტოს შემთხვევაა აღწერილი, რომელიც პროფესორ ბრაკის ასისტენტი გახლდათ. ორივე ექიმი ალჟირში ასრულებდა მისიას. ერთ დღეს მათთან მივიდა თავში დაჭრილი ალჟირელი არაბი, რომელსაც ჩვეულებრივი გადახვევა სჭირდებოდა და ექიმები ასეც მოიქცნენ - შეხვევის შემდეგ ის სახლში გაუშვეს და დაარიგეს კიდეც.

რამდენიმე თვეში, ავადმყოფობის ყოველგვარი სიმპტომის გარეშე, არაბი გარდაიცვალა. მისი გაკვეთაც ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ტვინის მინიმუმ, მეექვსედი ნაწილი ჩირქად იყო ქცეული, ამასთან, დაჩირქების პროცესი სამი თვის მანძილზე გრძელდებოდა.

მესამე მაგალითი პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, დოქტორ რობინსონის რეფერეტშია აღწერილი: 60 წლის მამაკაცს სამკბილა მჭრელი საგნით თავში ჭრილობა მიაყენეს. მას ცოტა სისხლი დასდინდა. ერთი თვის განმავლობაში ჭრილობას თავი არ შეუხსენებია, მაგრამ მამაკაცი მხედველობის დაქვეითებას უჩიოდა. სხვათა შორის, არანაირი ტკივილი არ ჰქონია, მაგრამ მოულოდნელად, ეპილეფსიის მორიგი შეტევის დროს გარდაიცვალა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მამაკაცს საერთოდ არ ჰქონდა თავის ტვინი და მის ადგილზე მხოლოდ რაღაც უცნაური წარმონაქმნი „ინახებოდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს მამაკაცი ტვინის გარეშე ცხოვრობდა.

სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევა 70-იან წლებში, სსრკ-შიც მოხდა. 1978 წელს მოსკოვის ოლქში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დამაჩქარებელს მცირე დარღვევა აღმოაჩნდა და ამ პრობლემის მოგვარება ფიზიკოსმა ანატოლი ბუგორსკიმ აიღო თავის თავზე. მაგრამ რატომღაც, აპარატურის ბლოკირებამ არ იმუშავა და ბუგორსკიმ დასხივება მიიღო: მის თავში 70 მილიარდი ელექტრონვოლტის პროტონებმა გაიარა. დასხივების დონემ, არც მეტი, არც ნაკლები, 200 ათასი რენტგენი შეადგინა, რასაც თავის ტვინის სრული განადგურება უნდა გამოეწვია და ფიზიკოსი ვერანაირად ვერ უნდა დარჩენილიყო ცოცხლი. მაგრამ ბუგორსკი გადარჩა. მან მუშაობა გააგრძელა და, ამავე დროს, ყოველდღიური, ჩვეული რეჟიმით ცხოვრობდა: დადიოდა ველოსიპედით და ფეხბურთს თამაშობდა. იმდღევანდელი მოვლენის აღსანიშნავად კი ფიზიკოსს ორი მცირე ხვრელი დარჩა, რომლებიც არ იზრდებოდა: ერთი კისრის უკანა მხარეს და მეორე - ცხვირთან ახლოს.

მედიცინას ჯერჯერობით ვერ გაურკვევია, როგორ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად არა ტვინის ნაწილის, არამედ მთლიანად ტვინის გარეშეც კი რჩებიან, ისე ცხოვრობენ, რომ დანაკარგს ვერ გრძნობენ. ერთ-ერთ ვერსიად ის სახელდება, რომ შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმის სხვა ნაწილებს ძალუძთ იმ ფუნქციის შესრულება, რასაც ხშირად ტვინს მიაწერენ. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და მეცნიერულ დონეზე დამტკიცებული არ არის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100