სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუს-ი წინასაარჩევნოდ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გასაჯაროებას ელოდება - ლილუაშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ "პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები" ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

ლილუაშვილის უწყება გავრცელებულ განცხადებაში წინასწარ აანონსებს, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია და ამისთვის კონკრეტულმა ჯგუფებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.

სუს-ი ირწმუნება, რომ "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული".

სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.
ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100