“ლელოს” ხედვა - მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ადამიანების პენსია, დღეს არსებული სოციალური შემწეობის გაორმაგებული ოდენობა იქნება
“ლელოს” იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ანი მიროტაძემ და ანა ბიბილაშვილმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას “ლელოს” ხედვა -შესთავაზება მაღაროელებს გააცნეს.
“ლელოს” გადაწყვეტილებით მძიმე მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანებს, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, პენსია გაუორმაგდებათ და 440 ლარი იქნება. აღნიშნულ რეგულაციას კანონი განსაზღვრავს, რომელიც „ლელოს“ ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იქნება საკანონმდებლო ორგანოში.
საჩხერე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანი მიროტაძის თქმით, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, დასრულდება ის უსამართლობა, რომელიც წლებია ვლინდება მაღაროელების მიმართ. რაც შეეხება ხელფასებს, რომელიც ძალიან დაბალია და 500-დან 1300 ლარის ფარგლებში მერყეობს (დასაქმებულის სამუშაო პოზიციიდან გამომდინარე), „ლელო“ იწყებს ამ საკითხის საფუძვლიან გადახედვას.
„ლელოს მარშალის გეგმის“ მიხედვით კი, პენსიონერის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯები დაზღვეული იქნება. პროექტი - „თაობა თაობისათვის“ - პენსიაზე გასვლის შემდეგ, 3 წლის განმავლობაში პენსიონერს შეუძლია გახდეს ახალგაზრდა თანამშრომლის მენტორი. მას ექნება ხელფასი და შეუნარჩუნდება პენსია. ასევე “პენსიონერების ბარათი 65+“ პენსიონერს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით. “ლელოს მარშალის გეგმის“ მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიები ვალდებული იქნებიან ბირჟაზე განათავსონ მათი აქციების მინიმუმ 20% და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გახდეს ამგვარი კომპანიების თანამფლობელი. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოები გამოირჩევა მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგით და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით. სწორედ ეს მომხიბვლელი ხარისხი და სამრეწველო მარაგია ის მთავარი გარემოება, რის გამოც ჭიათურელები ვერ იგერიებენ სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მსურველებს, მსუყე მადის მქონე სახელმწიფო მოხელეებს და მარიფათიანობის უნარის მქონე დაწინაურებულ „ბიზნესმენებს“, რომლებმაც გამოხრეს ეს ქალაქი და მთელი ქვეყანა. არავისთვის უცხო არ არის, რომ ამ სიმდიდრეს მთლიანად განაგებს ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილის და მისი ხელის ბიჭების ხელით. ანუ, ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა, ბოლოს და ბოლოს, ხელში ჩაიგდო ეს უზარმაზარი ქონება - საუბარია ათეული მილიარდობით ღირებულების მქონე ეროვნულ სიმდიდრეზე,”- განაცხადა ანი მიროტაძემ.
მიროტაძემ იმ გარემოებებზეც ისაუბრა, რის შედეგადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარებული აუქციონზე, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად, სს“ჭიათურ-მანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა.
“აუქციონში გაიმარჯვა ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა. კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია 49 წლიანი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული სიმდიდრის მოპოვებას ეს კომპანია აპირებს 2055 წლამდე. სახელმწიფოს და აღნიშნულ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას ადევს საიდუმლო გრიფი.გარიგების გაფორმებისას, „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი” საკმაოდ ცნობილი ბრიტანული კომპანიის - სტემკორის შვილობილი კომპანია იყო. 2017 წლის მაისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ქონებას საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი განაგებს. საწარმოს სპეციალური მმართველია ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც ბიზნესმენის და ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მარჯვენა ხელის, გიორგი კაპანაძის ბიზნეს ჯგუფის წევრია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარემოზე მიყენებული უზარმაზარი ზარალის გამო, საუბარია 365 მილიონზე, საწარმოში შევიდა დროებითი მმართველი, თუმცა არც ეს თანხა გადაუხდიათ,”-აღნიშნა მიროტაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი დაინიშნა სალიცენზიო და სანებართვო პირობების დროული და თანმიმდევრული შესრულების უზრუნველსაყოფად. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი ყოველთვიურად წარუდგენს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების ანგარიშს. თუმცა ასეთი ანგარიში ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის. ისევე, როგორც ყველა ტიპის ინფორმაცია დახურულია როგორც რიგითი ადამიანისთვის, ისე მედიისთვის.
2020 წლის მაისში სასამართლომ დროებით მმართველს „ჯორჯიან მანგანეზის“ მართვა კიდევ სამი წლით - 2023 წლის მაისამდე გაუხანგრძლივა.
ბრიფინგის მსვლელობისას, ზესტაფონსა და ტყიბულში გარემო პირობების გაუარესებაზე ისაუბრა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანი ბიბილაშვილმა.
“ზესტაფონში ტყიბულში და უკვე თერჯოლაში, არის სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები, რომელსაც ქმნის ფერო და ტყიბულის ქვანახშირის საწარმო. უკვე თერჯოლაშიც იქნება ახალი მცირე საწარმოები, რომელიც ჰაერს აბინძურებს. ზესტაფონში დასაქმების პრობლემის შემდეგ ჰაერის ხარისხის გაუარესებაა. როდესაც ადამიანებს ვხვდები მეკითხებიან რას ვაპირებთ ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ზესტაფონიდან გაედინება მილიონობით ლარი და არაფერი არ რჩება ქალაქში გარდა დაავადებებისა და ეკოლოგიური პრობლემებისა. ამ ყველაფრის, მთავარი მიზეზი არის ის რომ არ ხდება კონტროლი, არ ვიცით ზუსტი ციფრები, არ გვაწვდიან კონკრეტულ მონაცემებს. “მარშალის გეგმით” და “ლელოს” ინიციატივით ყველა საწარმო რომელსაც აქვს სახელმწიფო ლიცენზია და გავლენას ახდენს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ამ საწარმოების შემოსავლის 20% აუცილებლად უნდა გავიდეს ბირჟაზე და გადავიდეს მოსახლეობის ხელში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ შევიტანოთ ცვლილებები იმ ადამიანებისთვის რომლებიც ასეთ მძიმე შრომას ეწევიან, რომ საპენსიო ასაკი გადაიხედოს,” - განაცხადა ბიბილაშვილმა.
კომენტარი