
19 ახალი პაციენტიდან 17 ბოლნისის კლასტერიდან, 1 - მედპერსონალიდან, 1 კი საკარანტინო სივრციდანაა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების ყველა დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია.
„მათგან 17 ბოლნისის კლასტერიდანაა, 1 - მედპერსონალიდან, 1 - საკარანტინო სივრციდან. ანუ, ყველა ახალი პაციენტის წყარო ჩვენთვის ცნობილია“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
„ამ დროის განმავლობაში მიღებული უნარ-ჩვევები კვლავ უნდა შევინარჩუნოთ. ვეცადოთ, ეს შეზღუდვები ჩვენს თვითშეზღუდვებზე არ გავავრცელოთ. ამაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ვირუსის გავრცელება“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 404. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარი