სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხეთმა გაეროში საქართველოს წინააღმდეგ ხმის მიცემის მიზეზები განმარტა

როგორც გაერო-ში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი კარენ ნაზარიანი აცხადებს, "2006 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში სუამ-ის მიერ შეთავაზებული პუნქტები შევიდა, რომელიც ორგანიზაციის ტერიტორიაზე გაჭიანურებულ კონფლიქტებს ეხებოდა, იქამდე კი შეტანილი იყო აზერბაიჯანის პუნქტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესახებ".

"მაშინ სომხეთი და გაერო-ს რიგი სხვა წევრი ქვეყნები დღის წესრიგში ამ პუნქტების ჩართვის წინააღმდეგ თავიდანვე გამოვიდნენ. ამ საკითხში ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ვთვლით, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ყარაბაღის საკითხში კი - ეუთო-ში პრობლემის ყოველმხრივი დარეგულირების შესახებ სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ საკითხების გაერო-ში განხილვაში გადაყვანა პროცესებს დადებითად არ წაადგება, პირიქით, წინააღმდეგობას შეუქმნის", - განაცხადა ნაზარიანმა, რომლის აზრით, "საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის კონტექსტში ეს საკითხები აქტუალური არც თავად გაერო-სთვისაა".

"სხვა საქმეა, რომ აზერბაიჯანი თავისი მტრული განცხადებებითა და პროვოკაციებით საერთაშორისო სტრუქტურებში, მათ შორის გაერო-ში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული საფრთხის არსებობის შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს", - განაცხადა სომხეთის წარმომადგენელმა.

ამასთან, ნაზარიანის თქმით, ეს პუნქტები კონსენსუსის პრინციპით შემდეგი წლის დღის წესრიგში გადადის.

"თუ განხილვა იქნება, სომხეთი კონსენსუსურ გადაწყვეტილებას არ შეუერთდება. გარდა ამისა, სომხეთი ამ პუნქტებით რეზოლუციების წარმოდგენის წინააღმდეგია, მათ შორის - საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი რეზოლუციის", - დასძინა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100