სკანდალი ტელევიზიაში და პორნომომღერალი, რომელმაც საკუთარი შვილის ჩასახვა გადაიღო (ვიდეო)
გასული თვის დამლევს დიდი სკანდალი მოხდა რუსულ ტელეარხ РТР-1–ზე – ცნობილი პორნომომღერალი ნიკიტა ჯიგურდა ფიზიკურად გაუსწორდა მართლმადიდებელ ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელ კირილ ფროლოვს, წაუთაქა და კულისებში გაათრია. თვითმხილველების გადმოცემით, იქ მყოფ სტიქაროსნებს ძლივს გამოუგლეჯიათ ფროლოვი გამძვინვარებული მომღერლის ხელიდან.
სკანდალი მოხდა გადაცემაში, რომელიც ეხებოდა წყალგამყოფ ბარიერს ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის და „დასაშვები პორნოგრაფიის“ პრობლემებს. სტუდიაში მყოფნი გაიყვნენ ორად – ექსჰიბიციონიზმის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. გადაცემის წამყვანთა და სტუდიაში მყოფთა უმეტესობა ექსჰიბიციონიზმისკენ იხრებოდა.
ეკლესიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ქალის შიშველი სხეულის დემონსტრირება პრინციპულად მიუღებელია. საეკლესიო პირთა მტკიცებულებებს სიშიშვლის წინააღმდეგ ჯიგურდამ დაუპირისპირა მოსაზრება, რომ „ამგვარი შეგონებების უფლება არა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს მცნებებს ღალატობენ და აკურთხებენ ადამიანთა მასობრივი განადგურების საშუალებებს – მათ ენა არ უნდა მოუბრუნდეთ იმ შემოქმედთა აუგით მოსახსენიებლად, ვინც აღმერთებს ქალს და გამოსახავს მის ფიზიკურსა და სულიერ სილამაზეს. ხოლო, რადგან რუსეთი, თავისი წარმართული ბუნებითა და სარწმუნოებით ადიდებდა შიშველი ქალის კულტს, რომელიც ფროლოვის თანამორწმუნეებმა ძალითა და აგრესიით, ცეცხლითა და მახვილით ამოძირკვეს, ამიტომ მათ არა აქვთ უფლება გაავრცელონ სულიერი პედერასტია და ანათემას გადასცენ მხატვრები და ქალები, რომლებიც პერფორმანსებს ქმნიან!“ პასუხად ფროლოვმა მიაძახა: „შენ თვითონა ხარ პიდერასი!“
აი, სწორედ ამას მოჰყვა ზემოთ აღწერილი ინციდენტი, რასაც ჯიგურდა შემდეგნაირად აღწერს: „მე მას ვუთხარი, გავიდეთ სტუდიიდან და მე შენ აგიხსნი, როგორ გმართებს ქცევა; იგი გამიძალიანდა, მაგრამ მე ქეჩოში წავავლე ხელი და გავათრიე. გასასვლელთან იგი მოებღაუჭა გასანათებელ მოწყობილობას, დავარდა, მოიკუზა, დაჩიავდა და შიშით გადაფითრდა; მაგრამ მე მორალური თათხვის მეტი არაფერი ფიზიკური არ გამომიყენებია, თქვენ წარმოიდგინეთ, დედაც კი არ შემიგინებია, თორემ, მე რომ მისთვის დამერტყა, ფეხზე ვერ დადგებოდა! წყნარად ავუხსენი : „შენ–მეთქი, ურიგოდ იქცევი, მე რომ შენ ფილოსოფიურ ასპექტში გითხარი სულიერი პედერასტობის შესახებ, შენ პიროვნულ შეურაცხყოფაზე რატომ გადადიხარ–მეთქი? თანაც, ისეთ სიტყვებს მკადრებ–მეთქი, რომლებიც არ დამიმსახურებია!
მე არაერთგზის მითქვამს, რომ არსებობენ ჭეშმარიტი ქრისტესმოყვარე ბერები, ვინც იცავს მცნებას – „არა განიკითხო, რათა არა განიკითხნეთ“. ესენი კი ადასტურებენ თავიანთ ფარისევლობას. მას შემდეგ, რაც მე ვთქვი, რომ შემოქმედმა ადამი და ევა სამოთხეში შიშვლებად შექმნა, და ისინი დადიოდნენ შიშვლები მანამდე, ვიდრე არ შერცხვათ თავიანთი სიშიშვლის-მეთქი, ეკლესიურები ადგნენ და დატოვეს გადაცემა. მეც გავაგრძელე კომენტარები: „აი, ასე წავიდნენ სამოთხიდან ადამ და ევა–მეთქი, თვითონ, თავისი ნებით, შერცხვენილინი იმით, რაც აჩუქა მათ შემოქმედმა“.
როგორც საუბრიდანაც ჩანს, ჯიგურდა წარმართული რუსეთის ტიპიური წარმომადგენელია – იგი ბუნების ცხოველური შვილია და ისევეა მასთან შერწყმული, როგორც იყვნენ პირველყოფილი ადამიანები – ზნეობისა და სირცხვილის გარეშე; ამაში ყოველ ადამიანს შუძლია დარწმუნება თუნდაც იმ ფაქტით, რომ ჯიგურდას ინტერნეტ–საიტებზე გამოქვეყნებული აქვს საკუთარ მეუღლესთან, სხვათა შორის, ყინულზე ცეკვებში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ, მარინა ანისინასთან გადაღებული ბავშვის ჩასახვისა და მშობიარობის თანადამსწრეობის სცენები. ასე რომ, ჯიგურდასთან ყველაფერი გასაგებია.
ახლა, მეტი არ იქნება, კირილ ფროლოვზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა – ქრისტიანობაში არსებობს საზრისი, რომ ცოდვების საზღაური ყოველთვის კონკრეტული მისაგებელით არ გამოვლინდება – შეიძლება სადღაც და სადმე ჩადენილმა ცოდვამ სულ სხვაგან აგებინოს ადამიანს პასუხი – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპერტის მანდატით აღჭურვილი ეს სულმდაბალი კაცუნა, ჯიგურდას შიშით რომ მიიჭუჭკა კუთხეში, სინამდვილეში ტიპიური „დერჟავნიკია“, რომელიც ყველა დასაშვები და დაუშვებელი ხერხით აგვარებს სამართლებრივ საკითხებს საქართველოდან აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ ეპარქიების ჩამოსაშორებლად.
ჰოდა, თუ ქეჩოშიც სწვდნენ, წაუთაქეს კიდეც და შიშით ლამის სული გააფრთხობინეს – ეს იმის ბრალი კი არ იყო, რომ ანტიპორნოგრაფიულ, სრულიად კეთილზნეობრივ საქმეს იცავდა, არამედ, სავსებით სავარაუდოა, რომ იმ დღეს სულ სხვა ცოდვის გამო ისჯებოდა – ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ეკლესიის შურაცხყოფისათვის!
კომენტარი