სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი ისევ დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, 9 დაშავდა

ოკუპანტებმა ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქი ისევ დაბომბეს. თავდაპირველად, ოლქის გუბერნატორმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი აგრესორების თავდასხმას ნიკოპოლში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

"რუსეთის არმიამ შეუტია რეგიონის ოთხ რაიონს. ნიკოპოლის რაიონი მტერმა სამჯერ დაბომბა "გრადებიდან", 120-ჯერ გაისროლა! ნიკოპოლში დაიღუპა 2 ადამიანი, დაიჭრა 7, მათ შორის 13 წლის გოგო. ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. დანგრეულია 5 ბინა. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. დაზიანდა 3 სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტოფარეხი და ავტომობილი. 6000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი", - თქვა გუბერნატორმა.

მოგვიანებით, რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

"მაშველებმა ნიკოპოლში მტრის დაბომბვის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ღამით რუსების თავდასხმას 3 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 დაშავდა, მათგან 4 საავადმყოფოშია მოთავსებული", - თქვა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

რაც შეეხება დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვა ტერიტორიებს, უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად ჩერვონოგრიჰორივსკის დასახლებაში 14 სახლი დაინგრა, დაზიანდა ამბულატორია, მაღაზია და სტადიონი. ელექტროენერგიის გარეშეა ათასამდე ადამიანი.

კრივორიზკას რაიონი ოკუპანტებმა "ურაგანებიდან" დაბომბეს. შედეგად ზელენოდოლის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა შეძლეს.

სინელნიკის რაიონში აგრესორებმა ველიომიხაილივის დასახლებას დაარტყეს. დაზიანებულია წისქვილი და სახლები. დაშავდნენ ცოლ-ქმარი - ქალი საავადმყოფოშია.

რაკეტები დნეპროს რაიონშიც ჩამოაგდეს. ნგრევის მასშტაბები ჯერჯერობით დგინდება.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნიკოპოლის რაიონი გუშინაც დაბომბეს. გუშინდელ თავდასხმას 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100