რატომ გაებუტა ბიძინა ივანიშვილი რატი ამაღლობელს?
ქართველი თანამედროვე ინტელექტუალი ახალგაზრდობიდან რატი ამაღლობელი, ფაქტობრივად, ერთადერთი იყო, ვინც ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა და არამარტო პრეზენტაციაზე მივიდა, არამედ სეფე-სიტყვაც წარმოთქვა. მართალია, მისი პოეზიის თაყვანისმცემლებმა და უბრალოდ, მოსმენის ნიჭის მქონე ქართველებმა ბევრი ვერაფერი გავიგეთ, რა გვითხრა პრეზენტაციაზე რატი ამაღლობელმა, მაგრამ ეს მოცემულ რელობას არ ცვლის - რატი ბიძინას გვერდით დადგა.
-როცა ილია ჭავჭავაძე საქართველოზე ფიქრობდა, გვგულისხმობდა ჩვენ. როცა იგი ქართულ ოცნებაზე დაფიქრდებოდა, გულისხმობდა თითოეულ ჩვენგანს, დღეს აქ მყოფს. სწორედ ესაა ქართული ოცნება - დაახლოებით ასეთი იყო ცნობილი პოეტის გამოსვლის პათოსი.
ტრიბუნასთან მისულ პოეტს დაბნეულობა გარეგნულად არ ეტყობოდა, მაგრამ მისი გამოსვლა საკმაოდ დაბნეული კაცის მიერ წარმოთქმული სიტყვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ჩანს, ფილარმონიაში შეკრებილი ადამიანებიც, რომლებმაც ამაღლობელის გამოსვლა მოიმინეს, მისი სიტყვის დასრულების შემდეგ გამალებული ფიქრობდნენ, რა თქვა რატი ამაღლობელმა. ზოგს გაოცებული სახე ჰქონდა, ზოგი მეზობელს შესცქეროდა და მის სახეზე ცდილობდა განწყობილების ამოკითხვას, ნაწილს კი ტაშის დაკვრაც დაავიწყდა და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა პოეტი უკვე უკანა გზაზე, კიბეებზე ჩამოდიოდა.
სხვათა შორის, ვინც დააკვირდა, დაინახავდა, რომ რატი ამაღლობელის გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ტაში კი არ დაუკრა, უბრალოდ, ხელი ხელს რამდენჯერმე შემოჰკრა. ივანიშვილს, რომელმაც კარგად იცოდა, რამდენი კამერა უთვალთვალებდა მთელი პრეზენტაციის განმავლობაში, არც სახეზე დასტყობია რამე, მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ რატი ამაღლობელის გამოსვლით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ დარჩენილა, პირიქით - უკმაყოფილო იყო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, სანამ ფილარმონიას დატოვებდა, რამდენიმე ადამიანს ფოიეში ესაუბრა, მათ შორის, სიტყვით გამომსვლელებსაც. მაგრამ მან „ვერ დაინახა“ იქვე მდგარი რატი და ისე წავიდა, მისთვის სიტყვაც არ უთქვამს.
ის დღე იყო და, ბიძინა ივანიშვილი რატი ამაღლობელს პატარა ბავშვივით გაებუტა. ეს კონკრეტულ ქმედებებშიც გამოიხატა. „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, რატი ამაღლობელი არც პრეზენტაციის საღამოს გამართულ ბანკეტზე მიიპატიჟეს და არც მეორე დღეს - ივანიშვილის სასახლეში. მოგვიანებით რატიმ ისიც შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი, უფრო სწორად, მისი საქველმოქმედო ფონდი ამაღლობელის პერსონალური დაფინანსების გაგრძელებას აღარ აპირებდა. 11 დეკემბრის შემდეგ აგერ უკვე 5 დღე გადის და რატი ამაღლობელი ისევ სახლში ზის, თანაც ცდილობს, ბიძინა ივანიშვილთან ისევ დასაახლოებლად სანდო, მილიარდერის წრის შუამავლები გამონახოს. როცა მრჩევლების ხაზმა არ გასჭრა, პოეტი პრესსამსახურის თანამშრომლებს მიადგა, რომლებსაც ჯერაც არ გაუწყვეტიათ იმედი, რომ ივანიშვილი ამაღლობელს შეურიგდება.
ამასობაში კი რატი ამაღლობელი ახალ შუამავლებს ეძებს, რადგან ბიძინა ივანიშვილთან შუამავლების გარეშე მოხვედრა ძალიან ძნელი ამბავია, თუ არა წარმოუდგენელი.
კომენტარი