კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პუტინის სახელობის პლაჟზე გელენჯიკში
რუსული ტანდემის ფანტაზიებს უკვე საზღვარი არა აქვს. ჟურნალისტები თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე საკმაოდ ხშირად აწყდებიან ამ ფანტაზიის უშურველად გამოვლინების „უნიკალურ“ ნიმუშებს.
ზოგჯერ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ერთობლივ, შენიღბულ რეიდებსაც ატარებენ. მაგალითად, ისეთს, როგორიც „ნოვაია გაზეტამ“ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა გელენჯიკში, სადაც უნიკალური ფოტოების გადაღებაც შეძლო, მიუხედავად სანაპიროზე მყოფი მცველების კატეგორიული წინააღმდეგობისა.
გელენჯიკში, პრასკოვეევკას დასახლებასთან ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო მშენებლობა სანაპიროსთან. ჟურნალისტებმა მალე დაადგინეს, რომ იქ საცხოვრებელი კომპლექსი შენდებოდა და მას თავიდანვე „პრემიერის სასახლე“ შეარქვეს - გავრცელებული ხმების მიხედვით, სასახლე სწორედ ვლადიმირ პუტინისთვის შენდება.
ზაფხულის დადგომისთანავე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ხდება რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც და ლამაზ ადგილას და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შენიღბული რეიდი მოაწყვეს. აღმოჩნდა, რომ სიტუაცია საკმაოდ ტრაგიკომიკურია: სანაპირო შემოღობილია ორმეტრიანი გალავნით, რომელსაც ერთადერთი მასიური ჭიშკარი აქვს, თუმცა, იგი „უცხო პირებისთვის“ არ იღება. იქვე დგანან მესაზღვრეების ფორმაში გამოწყობილი მცველები, რომლებიც „დამსვენებლებს“ უხსნიან, რომ აქ, კედლიდან 50 მ-ის დაშორებითაც კი, არათუ ბანაობა, ფოტო და ვიდეოგადაღებაც აკრძალულია.
ამის მიუხედავად, „პუტინის სახელობის“ პლაჟიდან „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა ფოტოები მაინც წამოიღეს და კედელზე „იაბლოკოს“ მიერ გაკრული სტიკერიც გადაიღეს წარწერით: „მოპარულია! ექვემდებარება დაბრუნებას!“
კომენტარი