სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთის სოფელ კომანში, წმინდა ვასილისკოს წყაროსთან, ქვები, ხე და ბალახი დღესაც წითელია

IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტესათვის წამებულ ძმებთან, ევტროპისა და და კლეონიკესთან ერთად, სატანჯველს სწიეს წმიდა ვასილისკოც. მხურვალე და შეურყეველი რწმენისათვის, იმპერატორის, მაქსიმიანე გალერიუსის ბრძანებით, წმინდანი ჯერ დილეგში ჩასვეს, ხოლო შემდეგ მშობლიური ქვეყნიდან განდევნა და გადასახლება გადაუწყვიტეს...

წმინდანს ბორკილები დაადეს და ფეხზე ლურსმნებგაყრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს. შემდეგ შორ გზას გაუყენეს – პონტოს ზღვამდე – სოფელ კომანამდე (დღეს ამ სოფელს უფრო კამანად მოიხსენიებენ, რაც არასწორია).

ბადრაგებისთვის სრულიად გაუგებარი იყო, თუ როგორ იტანდა მოწამე ტანჯვას, როგორ არ ამძიმებდა ლურსმნებგაყრილი ჩექმები, საიდანაც სისხლი ჟონავდა. მაგრამ უფლის მთავარი სასწაული კომანის წმინდა მიწაზე მოხდა.

ხვატისაგან შეწუხებული მცველები ერთ-ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად და წასახემსებლად. მშიერ-მწყურვალი ვასილისკო თაკარა მზეში გამხმარ მუხასთან მიაბეს. წმინდანი დაჩოქილი ლოცულობდა და ესმა ხმა უფლისა: “მე შენთანა ვარ…”

მოულოდნელად, მიწა იძრა. ყველანი გარეთ გამოცვივდნენ. თვალებს არ უჯერებდნენ: წმინდანს ჩექმები აღარ ამძიმებდა, ხოლო იქვე შორიახლო, ანკარა წყაროს ამოეხეთქა. სასწაულით განცვიფრებულმა და, ამასთან, შეშინებულმა მცველებმა ტყვე გაათავისუფლეს.

სოფლის მცხოვრებლებმა იწამეს, რომ მათ მიწაზე წმინდანს დაედგა ფეხი. ზოგი კურთხევას ითხოვდა, ზოგიც კურნებას იღებდა. თავად კი საჭმელსაც არ აკარებდა პირს. წუხდნენ კომანელები. წმინდა ვასილისკო ასე ამშვიდებდა მათ: თქვენ მიწიერი პური გკვებავთ, მე კი უფლის ზეციური სიტყვა მასაზრდოებს; თქვენთვის სიმდიდრე ოქროა, ჩემთვის კი სიყვარული უფლისადმი; თქვენ ბედნიერებას მხიარულებაში ეძებთ, მე კი სულს ლოცვებით ვიმშვიდებ; თქვენ ამქვეყნიურ დიდებას ელით, მე კი – ზეციურს.

ბოლოს მოწამე ქალაქ დიოსკურიის მმართველს მიჰგვარეს. მან კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა აპოლონის ტაძარში. როდესაც საწადელს ვერ მიაღწია, განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ვასილისკოსთვის თავი მოეკვეთათ, გვამი კი მდინარეში გადაეგდოთ. ეს იყო 380 წელს.

მას შემდეგ წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ყველა ქვა, ხე, ბალახი ირგვლივ - წითელია, როგორც მისი მოწამებრივი აღსასრულის მარადიული მოწმეები. საუკუნეების მანძილზე ქრისტიანები ფარულად მიდიოდნენ წმიდა ვასილისკოს წამების ადგილას მდებარე წყაროსთან და იღებდნენ შეწევნასა და კურნებას.

წმინდა ვასილისკოს სახელთან არის დაკავშირებული წარსულისა და თანამედროვეობის ხილული გამოცხადებები და წინასწარმეტყველებებიც. მისი მოწამებრივი აღსასრულიდან ზუსტად საუკუნის შემდეგ, 407 წელს, ანტიოქიიდან კომანში გადასახლებულ წმინდა მოწამე იოანე ოქროპირს, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, გამოეცხადა ღირსი ვასილისკო და აუწყა: “ხვალ ჩემთან იქნები”.

აფხაზეთში უწმიდესის და უნეტარესის მიტროპოლიტად მსახურების დროს, 2 აგვისტოს, ილიაობას, წმიდა ვასილისკოს წყაროზე გაჩნდა ღრუბელი, მასზე კი დედა ღვთისმშობელი, ღვთაებრივი ყრმით ხელში და წმიდა ილია წინასწარმეტყველი. იქ მაცხოვრებლებს ეს ამბავი დღევანდელ დღემდე ახსოვთ, მისი ჩაცმულობა და ფერებიც კი.

მაგრამ, საბჭოთა პერიოდში, იმ მიზნით, რომ მორწმუნეებს ვერ შესძლებოდათ წმიდა ვასილისკოს წყაროსთან სიარული, კომუნისტებმა მასთან ახლოს ააშენეს უზარმაზარი თევზსაშენი. მოხდა სასწაული – იმ მომენტში, როდესაც მისი გამოყენება უნდა დაწყებულიყო, წყალმა ოჯახებში ამოხეთქა – ასე რომ, მათ ტექნიკურად ვერ განახორციელეს ეს, შემდეგ კი ამოთხრილი უზარმაზარი აუზი დაჭაობდა და ქვეწარმავლები გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც საშიში იყო წყაროსთან მისვლა, მორწმუნეები იქ მაინც დადიოდნენ.

იმხანად, ის ადგილი, სადაც წმიდა ვასილისკო იყო დასაფლავებული, ეკუთვნოდა ერთ–ერთ მოსახლეს, რომელიც მორწმუნეებს ამ წმიდა ადგილას არ უშვებდა. ღმერთმა გამოაჩინა უღირსეულესი აფხაზი კაცი, იური ანუა, რომელმაც უპატრონა აქაურობას – მან მთლიანად შეისყიდა ამ კაცის სახლი და ბაღი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სიწმიდეების თაყვანისცემა.

იური ანუამ აღადგინა დანგრეული ტაძარი, სადაც წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი იყო დასვენებული და სადაც მან უკანასკნელი წირვა აღასრულა; უნდოდა წმიდა ვასილისკოს წყაროზე და წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის ადგილას აეშენებინა ტაძარი, მაგრამ აღარ დასცალდა. ამ წმინდანივით მოწამებრივად დასრულდა მისი სიცოცხლე – თვითმხილველები ჰყვებოდნენ, თუ როგორ აწამეს წმიდა ვასილისკოს წყაროსთან ქრისტესა და ერთიან საქართველოზე მლოცველი აფხაზი კაცი.

იმავე დღეებში, 1993 წლის ივლისის თვეში, დახვრიტეს კომანის იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ანდრია. წინა საღამოს მამა ანდრიას წმინდა ვასილისკოსთვის მუხლდაჩოქილს შეუვედრებია მამული.

დღეს ქართველთათვის დროებით დახშულია აფხაზეთისაკენ მიმავალი გზა და ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, საკუთარ მამულში დასაბრუნებლად, კონდაკით შორიდან შევთხოვოთ შეწევნა წმინდანს:

„ვნებათა შინა მტკიცედ და მხნედ გამოსჩნდი შენ, და სასწაულთა შინა ყოვლადსაკვირველ და ცხადად სახელი ქრისტესი აღიარე, და მძლავრსა არცხვინე; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ბასილიკოს, და მარადის გიხმობთ ყოვლადპატიოსანო: გიხაროდენ, მოწამეთა ბრწყინვალეო სამკაულო“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100