სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბია: ბოლო ამბები (განახლებადი)

განახლებულია: 27.08.2011; 12:25სთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუამორ კადაფიმ, ოჯახის წევრებთან და უახლოეს გარემოცვასთან ერთად უკვე დატოვა ქვეყანა და ალჟირში გაიქცა. ოფიციალური პირები ალჟირიდან ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

განახლებულია: 27.08.2011; 02:25 სთ.

დღეს ორასზე მეტი გვამი იპოვეს ტრიპოლში, აბუ-სალიმის კვარტალში მდებარე საავადმყოფოს დერეფნებში, პალატებსა და სარდაფებში. დაღუპულებს (მოკლულებს) შორის ბავშვები და ქალებიც არიან - ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იტყობინება.
მედიკოსებმა ეს ჰოსპიტალი მას შემდეგ დატოვეს, რაც ტრიპოლის ქუჩებში სისხლისმღვრელი შეტაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სწორედ აბუ-სალიმი იქცა იმ რაიონად, სადაც აჯანყებულებს ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ჯერჯერობით არაა დადგენილი, თუ რომელ მხარეს იბრძოდნენ, ან იბრძოდნენ თუ არა საერთოდ მოკლულები (ქალებისა და ბავშვების გამოკლებით). ერთნი თვლიან, რომ თავის მოწინააღმდეგეებს ასე კადაფის რეჟიმი გაუსწორდა, ზოგს კი მიაჩნია, რომ მოკლულებს შორის უმრავლესობა სწორედ კადაფის მხარეს იბრძოდა, მათი იერიდან გამომდინარე კი ასკვნიან, რომ მოკლულებს შორის მრავლად არიან დაქირავებულებიც.

პარალელურად, ამბოხებულები ნატოს ძალებთან ერთად მზად არიან გადამწყვეტი იერიში მიიტანონ მუამორ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტაზე. “გარდიანის” ინფორმაციით, მეამბოხეებს ისევ ეხმარებიან ინგლისისა და საფრანგეთის ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.

განახლებულია: 26.08.2011; 11:35 სთ.

მუამორ კადაფის მომხრეები ამბოხებულთათვის წინააღმდეგობის გაწევას ტრიპოლიში ისევ აგრძელებენ. "ბი–ბი–სი"–ს კორესპონდენტი ლიბიიდან იუწყება, რომ კადაფის მოწინააღმდეგეები თითქმის მთელ დედაქალაქს აკონტროლებენ, თუმცა, ცალკეულ რაიონში ისევ კადაფის მომხრეები არიან გამაგრებული და მათ დიდ წინააღმდეგობას უწევენ. "კადაფის ძალების საბოლოო დამარცხებაზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა", – ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი.

განახლებულია: 26.08.2011; 02:47სთ. + video - ტრიპოლისა და ბენღაზში ზეიმობენ (Euronews)

ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის, ქვეყანა არ დაუტოვებია და ისევ ტრიპოლიში იმყოფება. ამის შესახებ ფრანგული ჟურნალი "Paris Match"-ი იუწყება.
გამომცემლობის ინფორმაციით, 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, ამბოხებულების უშიშროების ძალებმა საიმედო წყაროსგან მიიღეს ინფორმაცია, თუ სად იმალებოდა პლოკოვნიკი კადაფი.
სპეცოპერაციის ობიექტი გახდა პატარა სახლი, რომელიც ტრიპოლის ცენტრში მდებარეობდა. "კომანდოსის" შესვლის შემდეგ, კადაფი იქ უკვე არ იმყოფებოდა, თუმცა ამბოხებულებმა აღმოჩინეს დამამტკიცებელი საბუთები, რომ პოლკოვნიკი იქ ნამდვილად იყო.
შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს. ტელეკომპანია „ალ-არაბიამ" ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის აუდიო მიმართვა გაავრცელა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, პოლკოვნიკმა მშობლიური ქალაქის სიტრას მოსახლეობას მიმართა. კადაფიმ მოუწოდა მოსახლეობას გაანადგურონ ამბოხებულები და გაათავისუფლონ ლიბიის დედაქალაქი."ლიბია ლიბიელებისთვის, და არა ჯაშუშებისა და იმპერიალისტებისთვის, არა საფრანგეთისთვის, არა სარკოზისთვის, არა იტალიისთვის. ტრიპოლი ჩვენია და არა მათი ვისაც ნატოს იმედი აქვს", - განაცხადა კადაფიმ მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ სიტრა ამჟამად ამბოხებულების მთავარი სამიზნეა. ტრიპოლიდან 600 კმ-ით დაშორებულ ქალაქში ცალკეულ ობიექტებზე იერიში ნატოს საჰაერო ძალებმა მიიტანეს. ამის შემდეგ უკვე შეტევაზე ამბოხებულები გადავიდნენ, მაგრამ ქალაქის მოსახლეობა მათ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს. შეტაკებები ტრიპოლიშიც გრძელდება, კერძოდ, აბუ-სალიმის რაიონში, რომელიც კადაფის მომხრეების ერთ-ერთ დასაყრდენად ითვლება. ამბოხებულები მთლიანად ლიბიის დედაქალაქსაც ვერ აკონტროლებენ.

განახლებულია: 25.08.2011; 17:20 სთ.

ამბოხებულებმა ტრიპოლის აეროპორტზე სრული კონტროლი დაამყარეს, უცხოური საშუალებების ცნობით კი, მუამორ კადაფის სამძებრო სამუშაოებში უკვე ბრიტანული ელიტარული სპეცრაზმი ჩაერთო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნატომ ამბოხებულებს კადაფისა და მისი ვაჟების ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ცნობები მიაწოდა. ამ ზომების მიუხედავად, კადაფის ადგილსამყოფელი ჯერაც დაუდგენელია, ლიბიის დედაქალაქის ზოგიერთ კვარტალში ლოკალური შეტაკებები ისევ გრძელდება.

განახლებულია: 25.08.2011; 14:05სთ.

ლიბიის ლიდერი მუმარ კადაფი უცხოელი შუამავლის მეშვეობით საზღვარგარეთ 25 ტონა ოქრო გაყიდვას გეგმავს, რათა მხარდამჭერებს გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალური გაზეთი "Correr della Sera" ლიბიის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელ ფარხატ ბენგდარზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ოპოზიციის მხარეს გადავიდა. მისი თქმით, კადაფი ცდილობს, მოისყიდოს ლიბიელები, რათა ქვეყანაში ქაოსი გაგრძელდეს.

"ლიბიის ოქროს რეზერვი 10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. შესაძლოა, კადაფიმ ამ რეზერვის ნაწილი გადამალა, რათა თავისი გეგმებისთვის მოიხმაროს", - აღნიშნავს ბენგდარი.

ლიბიის ლიდერის, მუმარ კადაფისა და მისი შვილების სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ ნატომ აჯანყებულებს ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოკსმა განაცხადა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნატომ ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია თავის დაზვერვაზე დაყრდნობით მუამარ კადაფის და რეჟიმის სხვა წარმოამდგენლების დასაკავებლად", - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ფოქსმა კატეგორიულად უარყო "Daily Telegraph" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტრიპოლის აღებასა და კადაფის დასაპატიმრებლად სპეცოპერაციაში ბრიტანული სპეცრაზმის მონაწილეობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და მუამარ კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს (GHN).

განახლებულია: 25.08.2011; 12:15 სთ.

ლიბიის ჯანდაცვის მინისტრი მუჰამედ ჰაიდჟაზი და დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გენერალ ხალიფა მუჰამედ ალი ამბოხებულების მხარეს გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ტელეარხები ავრცელებენ.

ჰადჟაზიმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აპირებდა კადაფის მიტოვებას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ იმიტომ ვერ შესძლო, რომ ეშინოდა არ მოეკლათ.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და მისი ლიდერის მუამარ კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს. ამასთან, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და მის მპოვნელს მეამბოხეები 2 მილიონი ლიბიური დინარით დასაჩუქრებას პირდებიან.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკო ფრატინის განცხადებით კი, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერმა სამხედროებმა იტალიის ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტები გაიტაცეს, მათი მძღოლი კი მოკლეს. როგორც იტალიის მხარე იუწყება, ისინი ტრიპოლიში, ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. გატაცებულები დაუკავშირდნენ გაზეთის რედაქციას და განაცხადეს, რომ ისინი კარგად არიან. (GHN)

განახლებულია: 25.08.2011; 10:25სთ.

ლიბიელი ამბოხებულები მუამარ კადაფის ქვეყნიდან უსაფრთხოდ გასვლას სთავაზობენ. ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"ს ცნობით, ამის შესახებ ლიბიის გარდამავალ ნაციონალურ საბჭოში განაცხადეს. თუ კადაფი ხელისუფლებაზე უარს იტყვის, საბჭო მისი ქვეყნიდან უსაფრთოდ გაყვანას უზრუნველყოფს. ამასთან, გარდამავალი საბჭოს შტბაბ-ბინის ბენღაზიდან ტრიპოლიში გადატანა ერთი კვირით გადაიდო, რადგან დედქალაქში უსაფრთხოება ამ დრომდე დაცული არ არის.გარდა ამისა, გუშინ ამბოხებულებმა კადაფის გარემოცვას ამნისტია და მილიონ 700 ათასი დოლარი შესთავზეს, თუკი რომელიმე მათგანი ლიბიის ლიდრს დაიჭერს ან მოკლავს(ინტერპრესნიუსი).

გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს ის უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც კადაფის მომხრე ჯარისკაცებს ტრიპოლის ცენტრში მდებარე სასტუმროში ჰყავდათ ბლოკირებული. 37 ჟურნალისტი და ოპერატორი იძულებული გახდა, სასტუმროს შიდა პერიმეტრზე დარჩენილიყო, რადგან სახელმწიფო გვარდია მათ გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. ამის მიუხედავად, ჟურნალისტებმა მაინც შეძლეს, პირდაპირი ჩართვები "სკაიპის" მეშვეიბით გაეკეთებინათ და მთელ მსოფლიოს ამცნეს, როგორ ექცევიან კადაფის მომხრეები ლიბიის დედაქალაქში ჟურნალისტებს. მასმედიელების თქმით, კადაფის მომხრეები მათ ნაწილს იარაღითაც ემუქრებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, 37 ჟურნალისტიდან არავინ დაშავებულა.

განახლებულია: 24.08.2011; 22:20სთ.

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მპოვნელი 2 მილიონი ლიბიური დინარით ($1.7 მილიონი) დასაჩუქრდება. ამის შესახებ ლიბიის მეამბოხეების ლიდერმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა განაცხადა. მისი თქმით, პრიზი ბიზნესმენებმა დააწესეს და ის გადაეცემა მას, ვინც კადაფის ცოცხალს ან მკვდარს იპოვის.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ამ დროისთვის ბრძოლები ისევ მიმდინარეობს. შეტაკებები ტრიპოლის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში გრძელდება. როგორც ჯალილმა განაცხადა, მეამბოხეები ლიბიის 95 პროცენტს აკონტროლებენ.

"კადაფი ჩვენთვის დასრულდა", - განაცხადა ჯალილმა და დასძინა, რომ კადაფის ბაბ ალ აზიზიაზე სრულ კონტროლს მეამბოხეები ამყარებენ.

განახლებულია: 24.08.2011, 08:05სთ.

მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა კადაფის რეზიდენცია აიღეს, ბრძოლები ლიბიის დედაქალაქის დასავლეთითა და სამხრეთით გაგრძელდა. კადაფის მომხრე გვარდიამ დღეს შეტევა დაიწყო ქალაქ აჯელათის მიმართულებით, რომელიც ტრიპოლიდან დასავლეთით მდებარეობს. ამის შესახებ “ალ არაბიაზე” დაყრდნობით Reuters იტყობინება. ზოგიერთი სააგენტოს ცნობით, კადაფის არმიის მხრიდან ამ შეტევის დროს ტანკებსა და სარაკეტო დანადგარებსაც იყენებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრძოლები ქალაქ საბჰასთვისაც მიმდინარეობს. დამატებითი ცნობები ამ დროისთვის არ გავრცელებულა. ამასთან, სააგენტო Reuters იტყობინება, რომ ქალაქი ტრიპოლი “გრადის” ტიპის რაკეტებით იბომბება. თვითმხილველებზე დაყრდნობით გადმოცემულ სააგენტოს ცნობაში ნათქვამია, რომ ალ-სურის გზა, რომელიც ბაბ-ალ აზიზიიდან არცთუ შორს მდებარეობს, კადაფის მომხრეებმა “გრადებითა” და ნაღმმტყორცნებით დაბომბეს. ცნობა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

განახლებულია: 24 აგვისტო, 00: 10. + ვიდეო: ამბოხებულები მუამორ კადაფის რეზიდენციაში

„როიტერის“ ცნობით, ამბოხებულებმა მთლიანად ჩაიგდეს ხელში მუამორ კადაფის რეზიდენცია და ამ დროისთვის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ. ამის შესახებ ლიბიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მანამდე ლიბიელმა ამბოხებულებმა ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს, კადაფის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს. ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, რეზიდენციის თავზე კვამლი შეინიშნება, ტრიპოლის ცას ნატო-ს ავიაცია აკონტროლებს.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით კი ამბოხებულები უკვე შეიჭრნენ რეზიდენციაში და მისი მასობრივი ძარცვა დაიწყეს. არსენალიდან იტაცებენ სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის, სნაიპერულ შაშხანებსა და ყუმბარებს. გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, როგორ თელავენ ფეხებით ამბოხებულები კადაფის ბიუსტის მომტვრეულ თავს, რომელიც ოქროსგანაა დამზადებული.

განახლებულია: 17:48 სთ. + ვიდეო: კადაფის ვაჟი ტრიპოლიში გამოჩნდა

ამბოხებულები ისევ ვერ ახერხებენ მუამორ კადაფის ჩამოგდებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადაფიმ კონტრიერიში დაიწყო და ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ტრიპოლიში 75% შემცირდა. იმ უცხოელი ჟურნალისტების ცნობები, რომლებიც ჯერაც ტრიპოლიში არიან, დაპირისპირებულ მხარეთა მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება და, ბუნებრივია, ხშირად ურთიერთგამომრიცხავია. ამ დროისათვის მხოლოდ ისაა ზუსტად ცნობილი, რომ ბრძოლა ტრიპოლის „სამთავრობო კვარტლისთვის“, სადაც პოლკოვნიკ კადაფის რეზიდენცია მდებარეობს, ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით ისევ უცნობია თავად პოლკოვნიკის ადგილსამყოფელი, თუმცა, თითქოსდა მეამბოხეების მიერ დაპატიმრებულმა საიფ ალ-საიდ კადაფიმ, პოლკოვნიკის უფროსმა ვაჟმა, რომელიც წუხელ ტრიპოლიში გამოჩნდა, განაცხადა, რომ „ჯამახირიის“ ლიდერი ტრიპოლიშია და არსად წასვლას არ აპირებს. უახლოეს საათებში, შესაძლოა, ნატომ ლიბიის ლიდერის რეზიდენციაზე საჰაერო იერიში დაიწყოს, აშშ კი ამ დრომდე წინააღმდეგია, ჩაატაროს სახმელეთო ოპერაცია ლიბიაში. პრეზიდენტმა ობამამ ლიბიელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას გარდამავალ საბჭოსთან. „ეს ლიბია თქვენი სისხლით მოპოვებული ლიბიაა და იგი თქვენვე უნდა ააშენოთ“, - მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ლიბიელ ხალხს.

ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან ამ დრომდე თავს იკავებს ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, რუსეთიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა იფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მიესალმება ლიბიელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

განახლებულია: 12.00 სთ.

სიტუაცია ისევ არ შეცვლილა ლიბიის დედაქალაქში. კვარტალი, რომელსაც კადაფის მომხრეები აკონტროლებენ, ამბოხებულთა "აქილევსის ქუსლად" იქცა. გუშინ, გვიან ღამით მომიტინგეებთან მუამორ კადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამი შეხვდა და ჟურნალისტებთან ერთად ქალაქშიც გაიარა. ცნობები მისი დაპატიმრების შესახებ ცრუ აღმოჩნდა. ჯერჯერობით ისევ უცნობია მუამორ კადაფის კონკრეტული ადგილსამყოფელი. ამის შესახებ საიფ ალ-ისლამმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პოლკოვნიკი კადაფი ტრიპოლიში რჩება.

23 აგვისტო, 00:10 სთ.

ტელეკომპანია „ალ არაბია“ იუწყება, რომ ლიბიაში ამბოხებულებმა ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს. ამჟამად ამბოხებულები ტრიპოლის დაახლოებით 90% აკონტროლებენ, მათ შორის, სახელმწიფო ტელევიზიასაც.

სამაგიეროდ, კადაფის მომხრე ძალებმა ორშაბათს, ღამით, ტრიპოლის დასავლეთიდან, სადაც ლიბიის ლიდერის რეზიდენცია მდებარეობს, უკუაქციეს გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალები და ტერიტორიაზე კონტროლი შეინარჩუნეს. უფრო მეტიც - სამთავრობო ძალებმა შეძლეს მუამორ კადაფის ვაჟის, მუჰამედის დახსნა, რომელიც გუშინდელი ღამის შემდეგ ამბოხებულებს შინაპატიმრობაში ჰყავდათ.

ჯერჯერობით დაიდგენელია „ჯამახირიის“ ლიდერის ადგილსამყოფელი, თუმცა, ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მოწოდების მიუხედავად, იგი დანებებას არ აპირებს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ლიბიის საელჩოებში კი ლიბიელმა დიპლომატებმა გარდამავალი ეროვნული საბჭის დროშები აღმართეს და განაცხადეს, რომ დღეიდან ისინი საბჭოს წარმოადგენენ და არა კადაფის ხელისუფლებას.

ლიბიის საკითხების დროებითმა რწმუნებულმა ჩეხეთში, დღეს, აღმართა რა ამბოხებულთა დროშა, წუხილი გამოთქვა, რომ ჩეხეთს ჯერჯერობით არ უღიარებია საბჭოს უფლებამოსილება. ეგვიპტეში და არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში ლიბიის საკითხებმა რწმუნებათა სიგელები ადგილობრივ ხელისუფლებას სწორედ გარდამავალი საბჭოს სახელით გადასცეს.

ეგვიპტის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა გარდამავალი ეროვნული საბჭო, როგორც ლიბიის ხელისუფლება.

გარდამავალი საბჭოს დროსა აღიმართა დღეს ლიბიის საელჩოებზე ბელორუსში, ალჟირსა და კუვეიტში.

პარალელურად, ლიბიაში უკვე გაჩნდა პირველი კომენტარები ეკონომიკის სფეროდან იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ კომპანიები (ძირითადად, საუბარია ნავთობის მოპოვებაზე) კადაფის რეჟიმის საბოლოოდ დამხობის შემდეგ.

ერთ-ერთი სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანიის მენეჯერმა „როიტერს“ უთხრა, რომ მათ არა აქვთ ნავთობთან დაკავშირებით არანაირი დავა იტალიურ, ფრანგულ თუ დიდი ბრიტანეთის ნავთობკომპანიებთან, ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნის ნავთობმმპოვებლებს, შესაძლოა, ლიბიაში საქმიანობა შეუზღუდონ ან, უარეს შემთხვევაში საერთოდ აუკრძალონ.

„შავ სიაში“ რუსეთთან ერთად ჩინეთი და ბრაზილიაც მოხვდნენ. სწორედ ამ ქვეყნებმა არ დაუჭირეს მხარი მუამორ კადაფის მიმართ მკაცრი ღონისძიებების გატარებას. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ამ ქვეყნებისთვის ნავთობის მოპოვების შეზღუდვა მილიარდობით დოლარის ზარალს გამოიწვევს.

განახლებულია: 16:30სთ. + ვიდეო

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კადაფის რეზიდენციის აღება აჯანყებულებმა ჯერაც ვერ მოახერხეს. დროებითი გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქის 95%–ს აკონტროლებენ. მეამბოხეებს დანებდა კადაფის დაცვის უფროსი გენერალი. იმის გამო, რომ მუამორ კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო მისი რეზიდენციის აღება ვერ ხერხდება, არ არის გამორიცხული, ტრიპოლის ცენტრში მდებარე რეზიდენციაზე საჰაერო იერიში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო–საჰაერო ძალებმა მიიტანონ: ამბოხებულები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება შორს იყვნენ რეზიდენციიდან.

კადაფის მომხრე გვარდიის წევრები დროდადრო ჯგუფებად ჩნდებიან სხვადასხვა რაიონში და ამბოხებულებს ცეცხლს უხსნიან. დილის საათებში ტრიპოლიში მიმავალ კოლონას, სადაც უცხოელი ჟურნალისტები ისხდნენ, ცენტრთან მიახლოებისთანავე გაუხსნეს ცეცხლი კადაფის ჩასაფრებულმა მომხრეებმა, თუმცა, არავინ დაშავებულა.

განახლებულია: 13:46სთ.

ტრიპოლიში, მუამორ კადაფის რეზიდენციის მისადგომებთან დილის საათებში დაწყებული შეტაკებები ისევ გრძელდება. ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. სასტუმროში, რომელიც კადაფის რეზიდენციის სიახლოვეს მდებარეობს, იმყოფებიან უცხოელი ჟურნალისტები. თვითონ მუამორ კადაფის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, იგი ბუნკერშია, სხვა ვერსიის მიხედვით კი – ტრიპოლისთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში. არაოფიციალური ცნობების მიხედვით, მხოლოდ ბოლო 12 საათის განმავლობაში ლიბიის დედაქალაქში 1300–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

განახლებულია: 13.00

ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს მუამარ კადაფის რეზიდენციისთვის, რომელსაც ჯერჯერობით ლიბიის ლიდერის არმია აკონტროლებს. სამთავრობო ძალების ხელში რჩება დედაქალაქის ის რაიონი, სადაც სასტუმრო რიქსოსი მდებარეობს. სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობენ უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის. თავად მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება. მან აუდიო ჩანაწერით მიმართა ლიბიელებს და ტრიპოლის დაცვისკენ მოუწოდა.

ლიბიის ლიდერის ორი შვილი ამბოხებულებმა დააპატიმრეს. ოპოზიციის ლიდერთა ცნობით ორივე ტრიპოლიში აიყვანეს. მათ შორის საიფ ალ ისლამიც, რომელსაც მამამისთან ერთად ჰააგის სასამართლოზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლება ემუქრება.

ამბოხებულთა ცნობით წუხანდელი შეტაკებების შედეგად 120 მებრძოლი დაკარგეს. ლიბიის ოფიციალური პირების განცხადებით კი მსხვერპლი 1500–ს აღწევს.

მუამარ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც ზეიმით აღნიშნავენ. საზეიმო მიტინგები იმართება ეგვიპტესა და დიდ ბრიტანეთშიც (ნიუსლაინ.ჯი).

განახლებულია: 12.45

ლიბიის დედაქალაქში მიმდინარე შეტაკებების დროს დაიჭრა "იზვესტიის" სპეცკორესპონდენტი, ოხრან ჯემალი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ჟურნალისტი მანამდეც არაერთხელ იყო მივლინებული ლიბიაში, მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროს.

ამ დროისათვის მემაბოხეები თითქმის მთელ ტრიპოლის აკონტროლებენ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობის წარმატებული შტურმის შემდეგ მათ გადამწყვეტი იერიში მუამორ კადაფის ბუნკერზე მიიტანეს.

ტელეკომპანია „ალ არაბიას“ ცნობით, კადაფი ამ დროისათვის ტრიპოლისთან ახლოს, თაჯურის საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა, საავადმყოფოში გადაყვანისა და ლიბიის ლიდერის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს.

ამბოხებულებმა ცოტა ხნის წინ ტრიპოლის მთავარი მოედანი დაიკავეს. ისინი აცხადებენ, რომ მთლიანად აკონტროლებენ დედაქალაქის 80%–ს. „კადაფის ხელში დედაქალაქის ოთხი რაიონიღა დარჩა“, – ამბობენ ისინი.

ვიდეო: REUTERS

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100