სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტები სახალხო დამცველის შეფასებებს მიკერძოებულად მიიჩნევენ

ექსპერტები ლევან კალანდაძე და ლევან ალაფიშვილი სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს ეხმაურებიან. ექსპერტებმა ძირითადი ყურადღება ანგარიშის იმ ნაწილზე გაამახვილეს, სადაც საუბარია საქართველოში დაგეგმილი და განხორციელების პროცესში მყოფი მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ. კერძოდ, მათი შეფასებით, გამოქვეყნებულ ანგარიშში სახალხო დამცველი გარკვეულწილად ზედაპირულ და არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს ხუდონჰესის საინვესტიციო პროექტის თაობაზე, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსა და საინვესტიციო იმიჯზე.

"მექმნება შთაბეჭდილება, რომ სახალხო დამცველი, რბილად რომ ვთქვათ, არაობიექტურია. იგი ძალიან ზედაპირული და ზედმეტად მიკერძოებულია თავის შეფასებებში. ანგარიშის მე-11 გვერდზე სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ხუდონჰესის საკითხი შესწავლის ფაზაშია და ამ საკითხს მისი უწყება ჯერ კიდევ სწავლობს, ხოლო შემდგომ 435-436 გვერდებზე ამ, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში მყოფ, შეუსწავლელ საკითხზე კრიტიკულ დასკვნებს აკეთებს. სახელმწიფო მოხელის მხრიდან საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით ასეთი მიდგომები და ნაჩქარევი, საკითხის ბოლობდე შესწავლის გარეშე გაკეთებული შეფასებები, რაც ანგარიშის ამ კონკრეტულ ნაწილშია წარმოდგენილი, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არასერიოზულია" - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას, ლევან ალაფიშვილი ყურადღებას ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულების პრაქტიკის სამართლებრივ ასპექტებზე ამახვილებს.

"სახალხო დამცველი მშენებლობისა და კონტრაქტების კანონიერებაზე ცოტა ფრთხილად უნდა საუბრობდეს, მაშინ როცა, კონტრაქტი ძალაშია და ის სადაო არავის გაუხდია, ხოლო მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურები მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. იმ პირობებში, როცა მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებიც არ არის დასრულებული, ამგვარი განცხადებები უფრო შეიძლება ზეგავლენის მოხდენის მცდელობად ჩაითვალოს. როცა სახალხო დამცველი კანონმდებლობის არასრულყოფილებაზე საუბრობს "ორჰუსის" კონვენციის კონტექსტში, ყურადღების მიღმა რჩება, რომ ჩვენი კონსტიტუციითა და ნორმატიული აქტების შესახებ კანონით ის საერთაშორისო ხელშეკრულება ან/და კონვენცია, რომელსაც საქართველო მიერთებულია და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და ითვლება საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად" - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100