სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგდა პაპიძის დედა და ომარ ქაფიაშვილის დედა პოლიციაში გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ სასამართლოში, სადაც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედასა და დას და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული.

დღეს მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ახლობლებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. პირველი დაპირისპირება სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოხდა, მეორე კი, ცოტა მოგვიანებით, სასამართლოს საპირფარეშოში.

როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.

ქაფიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც ისინი ამბობენ, ეს ადამიანები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა.

საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული.

მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100