თეთრმა სახლმა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით სრული სიმართლე გამოაქვეყნა
აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის შესახებ.
ეს განცხადება ობამას ადმინისტრაციამ იმ კანონის საფუძველზე გააკეთა, რომელიც მას ავალდებულებს, ოფიციალური პასუხი გასცეს შეკითხვას თეთრი სახლის ვებ–გვერდზე, თუ მას განსაზღვრული რაოდენობის მოქალაქე აწერს ხელს.
5 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას მოთხოვნით, აშშ–ის ხელისუფლებისგან მიიღოს ოფიციალური პასუხი მისი კავშირის შესახებ არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებთან, ხოლო 12 ათასზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა წერილობითი განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია აქვს აშშ–ის ხელისუფლებას არამიწიერი ცივილიზაციისგან კაცობრიობის წარმოშობის შესახებ. – ამის თაობაზე განცხადება BBC-მ გაავრცელა.
აშშ–ის ტერიტორიაზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ამერიკელთა ნახევრაზე მეტი მიიჩნევს, რომ არამიწიერი ცივილიზაციები არსებობენ. 80%–ს მიაჩნია, რომ აშშ–ის ხელისუფლებამ ამის შესახებ იცის, მაგრამ ინფორმაციას მალავს და უფრო მცირე ნაწილი კი თვლის, რომ აშშ–ის ხელისუფლებამ არათუ იცის არამიწიერი ცივილიზაციის შესახებ, არამედ თანამშრომლობს კიდეც მის წარმომადგენლებთან და ამას საიდუმლოდ ინახავს.
რაც შეეხება თეთრი სახლის პასუხს, რომელიც მან სპეციალური წარმომადგენლის, ფილ ლარსენის მეშვეობით გასცა მოსახლეობას, ასეთი შინაარსისაა: „აშშ–ის ხელისუფლება არ ფლობს არანაირ ინფორმაციას და ფაქტებს ჩვენი პლანეტის მიღმა რაიმე ფორმით სიცოცხლის არსებობის შესახებ, ასევე არ გააჩნია ინფორმაცია ადამიანის რასასთან სიცოცხლის სხვა ფორმების კონტაქტის შესახებ. ამასთან, ჩვენ არ ვფლობთ არანაირ სარწმუნო ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ასეთი კავშირის ფაქტები არსებობს და მათ არსებობას კაცობრიობას უმალავენ“.
მაგრამ უფრო ქვემოთ განცხადებაში წერია: „ბევრი სწავლული, ცდილობდა რა, პასუხი გაეცა კითხვაზე, არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგან, მივიდა დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით, ტრილიონობით ვარსკვლავს შორის შესაძლოა, არსებობდეს პლანეტა, რომელიც ცოცხალი არსებებით არის დასახლებული, თუმცა, სწავლულთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მათი ჩვენთან კონტაქტის შესაძლობლება მინიმალურია იმ თითქმის განუსაზღვრელი მანძილის გათვალისწინებით, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს“.
განცხადების ბოლოს კი ნათქვამია: „ზემოთთქმული არ ნიშნავს იმას, რომ აშშ–ის ხელისუფლება არ სწავლობს არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის შესაძლებლობას და არ აწარმოებს ამ მხრივ დაკვირვებას“.
კომენტარი