ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი პირველ კომენტარს აკეთებს
„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზაში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ კვლევამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის კი იმას, მიღებული ჰქონდა თუ არა ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული ნივთიერება, ან რაიმე საძილე პრეპარატი.
„მიცვალებული გამოკვლეული იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად. ჩემი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამავდროულად, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც აიღეს შესაბამისი მასალა. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ამ ეტაპზე ძირითადი, სტანდარტული შეკითხვები, რაც მდგომარეობს შემდეგში: რა არის უშუალოდ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას. რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, იკვეთება თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის.
ასევე დგას საკითხი და გვამიდან აღებული იქნა ნიმუში პასუხის გასაცემად, მიღებული ჰქონდა თუ რა ნარკოტიკული ნივთიერება, მიღებული ჰქონდა, თუ არა რაიმე საძილე პრეპარატი, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებას ხომ არ ჰქონდა ადგილი. ამავდროულად, აღებული იქნა თითს ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ-ის კვლევისთვის მასალა სახის და ხელის მიდამოდან“, – აღნიშნავს გეჯაძე.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარი