სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უკანასკნელი იმედი 2018 წლის 10 იანვარს მოკვდა, თემირლანი გარდაიცვალა" - აი, რას იხსენებს მარიტა კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ერთი წლის თავზე

"უკანასკნელი იმედი 2018 წლის 10 იანვარს მოკვდა, თემირლანი გარდაიცვალა" - აი, რას იხსენებს მარიტა კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ერთი წლის თავზე :

“9 იანვარი მთელი ცხოვრება მძულდა, მამაჩემის გარდაცვალების დღე! შარშან ამ დროს კი, 27 დეკემბრის უმძიმესი დღეების მერე, შედარებით იმედიანად წამოვედი საავადმყოფოდან სახლში, სწორედ მაშინ, როცა დავასრულე მოლაპარაკება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკასთან, რომ თემირლანი მიეღოთ მანამდე, სანამ თანხა გადაირიცხებოდა. მალხაზი და მედიკო დავტოვე და სახლში მოვედი, პირველად დამეძინა..გამთენიისას მედიკოს ზარი შემოვიდა...

მან თემირლანის გარდაცვალების ფაქტი მამცნო. დილის 8:00 საათი იყო, წამიერად ჩავიცვი და გავვარდი, პირდაპირ თემირლანის ოთახში ავედი..მისი სხეული ლოგინში იდო.. აპარატი გამორთული ჰქონდათ და გადაწყობილი ყველა მოწყობილობა. ექიმს ვკითხე, ხომ მიგვყავდა, სტაბილურად იყო, რა მოხდა..მხრები აიჩეჩა და გვერდით ოთახში გავიდა, ეგონა მას ვერჩოდით..შეშინებული იქნევდა ხელებს. დაცვა ისევ იქ ტრიალებდა, რომელმაც არ დაგვტოვა არცერთი წუთი, ყოველდღე ავდიოდი თემირლანთან და ტელეფონის გამოყენების უფლება არ მომცეს, ფოტო რომ გადამეღო. როგორც მისი სხეული გადმოვიტანეთ, მალხაზმა თქვა პირდაპირ წავსულიყავით პანკისში, სახლში, თუმცა მე აქ ვიტვირთე ყველაზე მძიმე ტვირთი, ეს იყო ექსპერტიზა...

ვერ გავაგრძელებ მეტს, მხოლოდ ცხოვრების ბოლომდე ჩამყვება მალხაზის კბილების ხმა და მთელი ძალით ცხელი ჩაის ჭიქაზე მოჭერილი ხელი, რომელსაც ძალადობით ვასმევდი და ვთხოვდი, რომ უნდა გაეძლო, რომ თემირლანის მკვლელი დასჯილიყო! მე მას სწორედ იქ შევპირდი, რომ სანამ ცოცხალი ვარ მის გვერდით ვიქნები და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან! ბოლოს კი, ექსპერტიზის მანქანას გავყევი... უკანასკნელი იმედი 2018 წლის 10 იანვარს მოკვდა, თემირლანი გარდაიცვალა, დაუვიწყარი და უმძიმესი ფაქტია ჩემს ცხოვრებაში. მე დიდი ვალდებულება ვიკისრე და ემოციურობასთან ერთად, სიბრაზე მკლავს, რატომ ვერ დაისაჯა თემირლანის მკვლელი...”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100