სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სუხიშვილები“ საკვანძო მუსიკის გარეშე რჩება? (ვიდეო)

შესაძლოა, ანსამბლი „სუხიშვილები“ საკვანძო მუსიკის გარეშე დარჩეს. ამ ანსამბლის რეპერტუარში დღემდე ყველაზე მეტად პოპულარული ცეკვები „ჯუთა“, „ზეკარი“ და „გადი–გამოდი“, შესაძლოა, მაყურებელმა ვეღარ იხილოს. მიზეზი მუსიკის ავტორის, ჭაბუკა ამირანაშვილის პრეტენზიებია. ის, კარგა ხანია, მუსიკას აღარ წერს „სუხიშვილებისთვის“, ზემოთხსენებულ მუსიკაზე კი საავტორო უფლების პრეტენზიას აცხადებს. მისი თქმით, ლიცენზიაც აქვს და ეჭვიც არ ეპარება, რომ საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს გზით შეძლებს მუსიკის ამოღებას „სუხიშვილების“ რეპერტუარიდან, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმავე რეპერტუარიდან ცეკვების ამოღებასაც.

უფრო მეტიც: ამირანაშვილის თქმით, ახალ „ჯუთას“, უკვე სხვა ანსამბლისთვის წერს. იგი არ ასახელებს ქორეოგრაფიული ანსამბლის სახელწოდებას, თუმცა, აცხადებს, რომ რამდენიმე შეთავაზებიდან ერთ–ერთი აარჩია.

„მყავს მოცეკვავეები, რომლებისთვისაც გადაკეთებულ „ჯუთას“ დავწერ, მერე ამ ცეკვას დადგამენ და ნახეთ თქვენ ამბები“, – ამბობს ამირანაშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

კომპოზიტორსა და ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების მიზეზი ჰონორარია. ამირანაშვილი ამბობს, რომ ეს ცეკვები რეპერტუარში ყველაზე პოპულარული, რეიტინგული და მოთხოვნადია, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე დიდი ხანია, ჰონორარი არ მიუღია. მისი თქმით, ანსამბლის ხელმძღვანელობას მისთვის თანხის გადახდა არ სურს.

ნაციონალურ ბალეტში კი აცხადებენ, რომ ჭაბუკა ამირანაშვილი ხელფასს იღებდა,როგორც ანსამბლის მუსიკოსი და არა როგორც კომპოზიტორი. ანსამბლის მენეჯერი, ხატია ეკიზაშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ მუსიკალური ნაწარმოებები მხოლოდ ჭაბუკა ამირანაშვილს არ ეკუთვნის:

„რა თქმა უნდა, ნაწარმოებებში არის ბატონი ჭაბუკას თემები, მაგრამ როცა ნაწარმოებზე ცხრა მუსიკოსი მუშაობს, ძნელია თქვა, ამ ცხრიდან რომელს ეკუთვნის საავტორო უფლება“.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ არის დანარჩენი რვა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაწარმოებთა ავტორობა საავტორო უფლების სერტიფიკატის მიხედვით, მხოლოდ ჭაბუკა ამირანაშვილს ეკუთვნის. კომპოზიტორი კი იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა არ მოგვარდება, რეპერტუარიდან „ჯუთას“, „ზეკარის“, „გადი–გამოდის“ და „სამანის“ ამოღებას მოითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100