მთავარია თუ, როგორ მოკვდები, და რის ჩადენას მოასწრებ
"მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე" - მწერალი, რომელსაც სჯერა და გვარწმუნებს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მწერალი, რომელსაც უყვარს მარადახალი მდინარე, მწერალი, რომელსაც სძულს კამორა და უყვარს კანუდოსი და მწერალი, რომელიც თანაუგრძნობს ლამაზ-ქალაქისა და ჰარალეთის უდარდელ მცხოვრებლებს; მწერალი - მჩხვლეტავი კაქტუსით სულში, მწერალი, რომელმაც ღირებული ლიტერატურის გარჩევა მკლავზე დაბურძგვლის მეშვეობით გვასწავლა და მწერალი, რომელსაც ეკუთვნის ფრაზები:
"თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია"
"მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია თუ, როგორ მოკვდები, და რის ჩადენას მოასწრებ".
"დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით. „
"ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს"..
„… დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო. … ასე რომ არა, დაიქცეოდა, – მკაფიოდ გაისმოდა ბნელში,-ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ- ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.“
…ყოველი წინადადება დაბრკოლებაა, დიალოგები ცოტა მიადვილდება. რამდენი უპირატესობა გვაქვს სპორტსმენებთან შედარებით, მათ სამ ცდაზე უნდა მიაღწიონ მიზანს , მწერალს შეუძლია ათჯერ,ასჯერ სცადოს…“
„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი…. ესეც საკმარისია – უკეთესი ხდები“
„ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ… “
"ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი
და მხარუკუღმა დაუღრიალა:
- ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
- ადამიანი რომ გყვარებოდა!!"
„ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც კი-მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე...“
"სიკვდილი რომ არ იყოს - აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი - აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს..."
"მე სულაც არ მჯერა ადამისა და ევას შეთითხნილი ამბავი, მაგრამ უმწიკვლო ქალმა, ყოველი შემთხვევისათვის, მაინც არ უნდა ჭამოს ვაშლი. რამდენი ხილია სხვა - ატამი, მსხალი, ქლიავი, მაგალითად ალუჩა..."
რა გვსურს ხშირად გზააბნეულ ადამიანებს, იცით? - უსიერი ტყიდან ვრცელ ტრამალზე გასლა, უსასრულობაში ცქერა და თავისუფლების შეგრძნებით ტკბობა. იქ არაფერი დაგვხვდება ჰაერისა და ხრიოკი მიწის გარდა, მაგრამ თავისუფლები ვიქნებით, მაინც!
"- თავისუფალი ხარ, ზე?
- არა."
გურამ დოჩანაშვილს დღეს, 2013 წლის 26 მარტს, 74 წელი შეუსრულდა.
კომენტარი