რუსეთში შოვინისტური "მონასტერი აირია"
რუსეთის შოვინისტურ წრეებში გაურკვევლობაა. ყოფილი გაავებული პუტინისტი ალექანდრე დუგინიც კი იმედგაცრუებულია. ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო რუსეთის იმპერიის იდეოლოგიურ-პოლიტიკური აღორძინება. რუსი შოვინისტები პუტინის გაპრეზიდენტების პირველ წლებში აღფრთოვანებულნი იყვნენ მისით. პუტინი მათ ახალი სტალინი ეგონათ, რომელიც ააღორძინებდა მეორე მსოფლიო გეოპოლიტიკურ პოლუსს - რუსეთის ზესახელმწიფოს.
იმ წლებში ალექსანდრე დუგინი პუტინის შესახებ ამბობდა: "პუტინის კურსის მოწინააღმდეგეები თითქმის აღარ არიან, მხოლოდ ფსიქიკურად ავადმყოფები შეიძლება იყვნენ მისი მოწინააღმდეგეები და ისინი სამკურნალოდ უნდა დააწვინო. პუტინი ყველგანაა, პუტინი ყველაფერია, პუტინი აბსოლუტია, პუტინი შეუცვლელია".
ბოლო ხანებში პუტინი აღარ მოსწონს დუგინს, ასევე სხვა შოვინისტებს, და რაც მთავარია, აღარ მოსწონთ ერთმანეთი.
მიზეზი ისაა, რომ რუსეთში იმპერიის კრიზისია. პუტინმა ვერ შეძლო და ვერ შეკრა იმპერია. არა მარტო ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები ვერ შეაკავშირა რუსეთის დროშის ქვეშ, არამედ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ხალხები ვერ გააერთიანა ერთი მიზნით. პირველ რიგში ვერ გააერთიანა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მეთოდებით. ვერ შეძლო მათთვის მიეცა ისეთი ცხოვრება, რომლითაც კმაყოფილი იქნებოდნენ, როგორც ეროვნული, ისე რელიგიური და სუბიექტური თვალსაზრისით.
მთავარი მიზანი, რაც დაისახა პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლისას, იყო ამერიკის საპირწონედ რუსეთის ქცევა.
ბევრ შოვინისტს ეგონა, რომ პუტინი ნელ-ნელა შეძლებდა დასწეოდა ამერიკას სხვადასხვა ასპექტში. პუტინის მმართველობის პირველი წლები თითქოს წარმატებული იყო ამ მიმართულებით. სისხლში ამოახრჩვეს ჩეჩენი ხალხი, დასავლეთმა კი თვალი დახუჭა. ეკონომიკაც ფეხზე დადგა.
სწორედ მაშინ იყო აღფრთოვანების ტალღამ კინაღამ რომ გადარია რუსი შოვინისტები.
მერე ბუნებრივი აირით სპეკულაციაშიც მაგარი აღმოჩნდა პუტინი.
პუტინს მკაცრი "ბატკას" პოზაც უკავია, ესეც მოსწონდათ შოვინისტებს. პუტინმა მოახერხა და შესანიშნავი მარიონეტი მოძებნა, დასავლეთის "დემოკრატიულ მინდორზე" ითამაშა დასავლური მეთოდებით და მორჩილი პრეზიდენტი დასვა დროებით თანამდებობაზე.
ერთი პერიოდი მონარქიის აღდგენაზეც იყო ფიქრი, პუტინი სამუდამო პრემიერი გახდებოდა. მაგრამ, ბოლომდე ვერ ენდნენ დასავლეთში გაზრდილ მარია ვლადიმერის ასულ რომანოვას, რუსეთის ტახტის მემკვიდრეს. მისთვის ქონების გაყოფაც არ ინდომა პუტინმა, თორემ თუ მონარქია აღდგებოდა - კრემლი, ზამთრის სასახლე, ცარსკოე სელო, უამრავი მოძრავი ქონება და მთელი მუზეუმების ძვირფასეულობა ხომ რომანოვებს ეკუთვნის, ბოლშევიკების მიერ მათთვის ქონების ჩამორთმევა უკანონოდ ითვლება და თუ კონსტიტუციურ იმპერატრიცას დასვამდნენ, მისთვის ქონებაც უნდა დაეთმოთ...
ამას მარიონეტი დროებითი პრეზიდენტი არჩიეს პუტინის ბანაკში, მერე კი ისევ პუტინს უპირებენ გაპრეზიდენტებას.
შემდეგ პუტინმა ომი მოუგო საქართველოს. ისე უხაროდათ შოვინისტებს, თითქოს ვაშინგტონი დაენგრიოთ. გამბედაობა და თავხედობა მართლაც არ აკლია პუტინს და ჯარი შემოგვისია.
ამ პროექტების დამუშავებაში, ყოველ შემთხვევაში, პუტინის იმიჯის შექმნაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მიმართულების შოვინისტები.
2008 წლის გაზაფხულზე ჩრდილო ქართლში შემოსევის წინ დუგინი ჩავიდა ცხინვალში, თავის იდეოლოგიას ავრცელებდა ოსებში და იარაღს უმიზნებდა თბილისს...
ამერიკებმა "გადატვირთვის პოლიტიკა" შესთავაზეს პუტინის რუსეთს. შოვინისტებს ეგონათ შეგვრჩა საქართველოსთან იმის მოგება და შეეგუება მსოფლიო ამასო. მაგრამ რუსეთს ოკუპანტის სტატუსი უმკვიდრდება, შემოდგომაზე კი უსათუოდ დიდი მარცხი ელის პუტინის ხელისუფლებას, როცა დასრულდება ქართველთა ნაცისტური მეთოდებით დეპორტაციის საქმის განხილვა ევროსასამართლოში.
აღმოსავლეთ ევროპაშიც ელოდებათ მილიტარისტული სურპრიზები.
როგორც ქებული პუტინი, ისე მაქებარი შოვინისტები სიბრძნით დიდად ვერ დაიკვეხნიან. აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის დამოუკიდებლობის "აღიარებით" ისეთი "მნიშვნელოვანი" მიკავშირეები გაიჩინა რუსეთმა, როგორც ნაურუ, ვენესუელა.
კავკასიის ხალხების გამოფხიზლებაზე აღარაფერს ვამბობთ.
დღეს, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონთ რუს შოვინისტებს - პუტინმა წესრიგი ვერ დაამყარა რუსეთში. ჩეჩნებმა და სხვა კავკასიელებმა მოსკოვში გადაიტანეს ბრძოლის ველი. ეს კატასტროფაა რუსეთისთვის. რუსი ხალხის დიდი ნაწილი დიდ ქალაქებში უკვე შიშით ცხოვრობს.
მოვა დრო და უკმაყოფილება ხალხში უფრო გამწვავდება, თუ დაერთო ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისიც, რაც მოსალოდნელია.
პუტინმა ვერ შეძლო ამერიკას დაპირისპირებოდა ჯეროვნად. ვერ მოახერხა მოკავშირეების მოზიდვა. ბერლუსკონიზე და მერკელზე საუბარი ამ შემთხვევაში სისულელეა. ჩვენ ნამდვილ მოკავშირეებზე გვაქვს ლაპარაკი.
ნატოსთან იდეოლოგიურად დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკზე რუსეთს ოცნებაც არ შეუძლია.
მეტიც, სლავი და მართლმადიდებელი ხალხებიც კი ვერ გაიხადა რუსეთმა მოკავშირედ. თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ხალხმა ნატოს ბლოკს შეაფარა თავი. ესეც რუსეთის ხელისუფლების დიდი მარცხია.
შოვინისტები დიდი ხანი ხუჭავდნენ ამ ყველაფერზე თვალს, მაგრამ გავიდა დრო და პუტინი აღარ მოსწონთ.
მეტიც, აკრიტიკებენ ერთმანეთს, როგორც მოსალოდნელი დამარცხების წინ მოსდით ხოლმე უნიჭო მხედართმთავრებს.
დუგინს ნაციონალისტები (დავაზუსტოთ, ნეო-ნაცისტები) ინტერნაციონალისტად მიიჩნევენ და აკრიტიკებენ.
ნეო-ნაცისტებისა და ხელისუფლების ქმედებებს, კერძოდ, ჩრდილო კავკასიელების წინააღმდეგ გამოსვლებს, დუგინი რუსეთის დაშლის საშიშროებად თვლის, ამაში პუტინსაც ადანაშაულებს და ნეო-ნაცისტებსაც.
რუს შოვინისტებს შორის განხეთქილებაა, კამათი ადრეც ჰქონდათ, რომელი გზაა უფრო მომგებიანი იმპერიისთვის: სხვა ეთნოსების წარმომადგენელთა გაძევება რუსეთის ცენტრალური ქალაქებიდან, ნეო-ნაციზმი თავისი თანმდევი მოვლენებით; თუ ძალდატანებითი ინტერნაციონალიზმი, ნეო-სლავიანიზმის შეფერილობით, რომელიც ისევ იმპერიას უნდა ემსახუროს.
ორივე შემთხვევაში შოვინისტების საქმე დიდად პერსპექტიული არ არის.
ეთნიკური დაპირისპირება ბევრ მტერს გაუჩენს რუსებს. დაარბიეს ჩრდილოკავკასიელები და აფეთქება მიიღეს დომოდედოვოში.
ინტერნაციონალიზმის დროშით რუსეთის ფედერაციის შეკავშირებასაც იმგვარივე მეთოდები უნდა, რაც ნეო-ნაცისტებს ახასიათებს, მაგრამ იდეოლოგიურად სხვაგვარად უნდა შეფერადდეს. ამას კი სტალინის "ნიჭი", მტკიცე ხასიათი და დაუნდობელი მეთოდები სჭირდება, რაც სტალინს ახასიათებდა.
მაგრამ, სტალინი არ ჰყავთ რუსებს, პუტინს სტალინამდე ბევრი აკლია.
კომენტარი