გალში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა დაიწყო
დღეს, 20 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 27-ე შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია შეხვედრის გამართვის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე ტერორიზმის საკითხს დააყენებს. "შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ტერორიზმის იქნება. ამას გარდა, მიმდინარე საკითხებზედაც ვისაუბრებთ", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 27-ე შეხვედრა 4 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა აფხაზური მხარის წინადადებით იგი 20 მაისისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 26-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 22 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის მერაბ ყოლბაიას ე. წ. გატაცების ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.
აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ ტერორისტი მერაბ ყოლბაია აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს ციხეები, სადაც აფხაზეთის ტერიტორიიდან გატაცებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.
გალის რაიონის მცხოვრებს, მერაბ ყოლბაიას, ზედმეტსახელად "კოჭოს", საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობა ედება ბრალად. ქართული მხარე აცხადებს, რომ ვიდრე საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ქართული მხარე ყოლბაიას გადაცემას აფხაზური ან რუსული მხარისთვის არ აპირებს.
კომენტარი