
რუსეთის საპატრიარქო ცხინვალში ეკლესიას აშენებს
ცხინვალში, რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს ტერიტორიაზე, მოსკოვისა და სრულიად რუსთა პატრიარქ კირილის ლოცვა-კურთხევით, ალექსანდრე ნეველის სახელობის საყდრის საძირკველი ჩაიყარა.
საძირკველის ჩაყრის ცერემონიალი ვლადიკავკაზის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზმა ტიმოთე ოსტაევმა და მორწმუნე სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 არმიის მეთაურის თანაშემწემ, ანდრეი ზიუზიამ შეასრულეს. ამის შესახებ გაზეთი „მართლმადიდებელი ოსეთი“ იტყობინება.
ცერემონიალს ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი ალექსანდრე მურზინი, ოფიცრები, რიგითები და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები.
მამა ტიმოთემ ალექსანდრე მურზინს წმინდა ალექსანდრე ნეველის ხატი და მეორე მსოფლიო ომის დროს რუსული ეკლესიის გმირობის შესახებ დაწერილი წიგნი: „"Спаси и сохрани" უსახსოვრა.
საყდარში წირვა-ლოცვის დაწყება 6 დეკემბერსაა დაგეგმილი, როცა რუსეთში ალექსანდრე ნეველის ხსენების დღე აღინიშნება.
კომენტარი