„ხალხს აღიზიანებს, რომ ჩანაწერების პერიოდიდან ვერ გამოვდივართ“
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გაგა კახიანმა ტელეკომპანია „პირველი“-ს ეთერში ფარულ ჩანაწერებზე და წინა საარჩევნო პერიოდზე ისაუბრა.
„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩვენ შინაარსზე კი არ ვსაუბრობთ, ჩანაწერების და იმ სერიალების, რასაც უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა ვადევნებთ თვალს, არამედ იმაზე თუ რასთან გვაქვს საქმე და ზოგადად რას ემსახურება ეს ჩანაწერები. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და უკვე შინაარზე კი არავინ არ მელაპარაკება იმ ჩანაწერებში რაზე არის საუბარი, არამედ ხალხს უკვე აღიზიანებს თუ შეიძლება ასე ითქვას, ის რომ გაუთავებლად ამ ჩანაწერების და ამ სერიალების რაღაც პერიოდიდან ვერ გამოვდივართ. რას ემსახურება ძნელად მისახვედრი არ არის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველი ჩანაწერი „რუსთავი 2“-ით ვრცელდება, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ, მაგრამ ამ მიზანს ნამდვილად ვერ აღწევენ, პირიქით შედეგს იღებენ, კომიკურ მდგომარეობაშიც კი ვარდებიან“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გაგა კახიანი.
ამასთან, გაგა კახიანმა აღნიშნა, რომ თავიდან საზოგადოებაში ჩანაწერებს შეიძლება მოყვა გარკვეული კითხვები, მაგრამ ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ყველა ხვდება რასთან გვაქვს საქმე.
„ჩაუვარდათ მათ იმ ჩანაწერებისგან მოსალოდნელი შედეგი, რასაც თვითონ ელოდნენ. არადა ეს ხომ ფაქტია, რომ ეს არის დადგმული თვეების წინ, დადგმული წინა საარჩევნოდ. ეს ჩანაწერები როგორც ჩანს დიდი ხანია აქვთ და პორცია-პორცია აწვდიან საზოგადოებას. ამით ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ შესაბამისი განწყობა მოიპოვონ. ეს არის შეურაცხმყოფელი მე თუ მკითხავთ, ესეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ და ზოგადად ის, რომ ცდილობენ წინასაარჩევნო პერიოდი ამ ფორმატში გადაიტანონ, ჩანაწერების ომი რასაც ქვია, ჩემთვის ეს არის ყოვლად მიუღებელი. დააკვირდით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ მათგან მოდიოდა ჩანაწერები, ეხლა ოპოზიციაში არიან, იგივეს აკეთებენ ანუ მათი ხელწერაა, ამას ვერ ეშვებიან“, - აცხადებს გაგა კახიანი.
კომენტარი