სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის თავდაცვის უწყების მიხედვით, ამ ჯარისკაცის ამ ტრამვების მიზეზი „წარუმატებელი ყულფია“

„დრონი.ჯი“ უკვე წერდა იმ საზარელი ფაქტის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს, რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მოხდა. ფრაგმენტი „დრონი.ჯი“-ზე გამოქვეყნებული წერილიდან თვალის, კბილებისა და მთელი ძვლების გარეშე დარჩენილმა რუსმა ჯარისკაცმა, თურმე, თავი მოიკლა“:

„რუსეთის № 55062 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, რომელმაც ოჯახს ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი დაუბრუნა, ამტკიცებს, რომ თვალის, კბილებისა და მთელი ძვლების გარეშე დარჩენილი ჯარისკაცი კი არ უწამებიათ, არამედ სუიციდი ჩაიდინა და თავი საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო.

ჯარისკაცი იმ ზომამდე იყო ნაწამები, რომ მის ცხედარში ოჯახის წევრებს სატანკო ბატალიონის 20 წლის რიგითის, რუსლან აიდერხანოვის ამოცნობა გაუჭირდათ კიდეც.

სამხედრო ნაწილი № 55062, სადაც აიდერხანოვი მსახურობდა, სვერდლოვსკის მხარის ქალაქ ელანში მდებარეობს. როგორც „ლაიფნიუს. რუ“ იტყობინება,სამხედროებმა ოჯახს თუთიის კუბო გაუგზავნეს, თან თვითმკვლელობის შესახებ ცნობაც აახლეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ კუბო არ გაეხსნათ.“

ამ საზარელი შემთხვევის გახმაურების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილი იძულებული გახდა, მოკვლევა დაეწყო, მაგრამ ის ლოგიკა, რომლითაც გამომძიებლებმა გარდაცვლილი ჯარისკაცის ტრამვები ახსნეს, დანაშაულზე არანაკლებ შემზარავია - გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ რამდენიმე ნაჭრილობევი სახეზე და ტანზე, მკერდში დანით მიყენებული ღრმა ჭრილობა, ფეხების მოტეხილობა, ამოთხრილი თვალი და ამოცლილი, პროთეზით შეცვლილი კბილები არა სერჟანტების მხრიდან ჯარისკაცის ცემის, არამედ იმის შედეგია, რომ ჯარისკაცმა... ყულფი წარუმატებლად მოირგო კისერზე. დაახლოებით ასე განაცხადა ერთ-ერთმა გამომძიებელმა და განმარტა, რომ ჯარისკაცის სხეულზე ჭრილობები არა სამხედრო ნაწილის ოფიცრებმა (როგორც მოკლულის ახლობლები ამტკიცებენ) არამედ პათანატომმა მიაყენა, როცა სპეციალური სკალპელით კანის ნიმუში სიკვდილის ზუსტი დროის გამოსათვლელად აიღო.

ასე რომ, ამჯერად ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზებს ეს მშრალი, ოფიციალური განცხადება ხსნის: „ 2011 წლის 31 აგვისტოს რიგითი რუსლან აიდერხანოვი არ გამოცხადდა დილის მოწყობაზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან სამხედრო ნაწილი თვითნებურად მიატოვა და სუიციდი ჩაიდინა. მისის ცხედარი ნაწილიდან ოდნავ მოშორებით, 3 სექტემბერს აღმოაჩინეს. ჯარისკაცმა თვითმკვლელობის მიზნით თავი საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო. სამხედრო ნაწილი № 55062-ის ხელმძღვანელობა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100