იგორ კოკოშკოვი და რიჩ დიქსონი „დამარცხების მენტალიტეტის“ აღმოფხვრისთვის დაჯილდოვდნენ
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ოთხი ადამიანი დაჯილდოვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ყვარელში, საკუთარ სახლში მიიღო, ესაუბრა და ორდენები გადასცა.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, იგორ კოკოშკოვს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს და რაგბის პროგრამების განვითარების ხელმძღვანელ ჯეიმს რიჩარდ დიქსონს ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისთვის გადაეცათ.
” მადლობა ყველას, წელს პირველად გამოჩნდა თქვენი მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, რომ საქართველო რაგბშიც და კალათბურთშიც ბევრად უფრო წინ წავიდა. ეს არის ნაწილი საერთო პროცესის, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველო მესამეხარისხოვანი ქვეყნიდან უნდა გადაიქცეს პირველხარისხოვან ქვეყნად. სპორტს ამაში გადამწყვეტი როლი აქვს.
მე კარგად ვნახე, ლიტვაში რამხელა რეაქცია იყო ჩვენი ნაკრების თამაშზე, როგორ საერთო სახალხო ზეიმად იქცა თქვენი იქ ყოფნა. ლონდონში ყოფნის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღტაცებით მელაპარაკა საქართველოს ნაკრების თამაშზე, მათ შორის, ინგლისის გუნდთან და განცვიფრება გამოხატა. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ასეთი თამაში. წელს, ახალ ზელანდიაში ყოფნა იყო არა მხოლოდ რაგბში მნიშვნელოვანი ნაბიჯი, არამედ, ის, რომ ეს უკვე აღარ იყო უთანასწოროთა თამაში და ეს იყო იმ რეგიონში საქართველოს სავიზიტო ბარათი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„საქართველოში საბოლოოდ ქრება დამარცხების მენტალიტეტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებმა, რა თქმა უნდა, სპორტსმენებთან ერთად ამისთვის ყველაფერი გააკეთეს“.
"იმედი მაქვს, რომ რაგბისა და ფეხბურთის გუნდებზე პოპულარულები ვიქნებით, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ვიმუშავებთ", - თქვა იგორ კოკოშკოვმა ჯილდოს გადაცემის დროს.
თავის მხრივ, საჩუქარი საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო. იგორ კოკოშკოვმა მას საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრებისა და იმ ამერიკული გუნდის გუნდის მაისურები გადასცა, სადაც პარალელურად მუშაობს. პერსონალურმა მაისურებმა წარწერით „სააკაშვილი“ პრეზიდენტის მოწონება დაიმსახურა.
კომენტარი