სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფაქტი, რომელზეც ქართული მედია არ (ვერ) საუბრობს: საქართველოს პატრიარქი კირილის კრემლის ოფისში

მხოლოდ ფაქტები, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე და მშრალად, რომელთაგან ზოგიერთზე ქართული მედია, რატომღაც, საუბარს ვერ ბედავს:

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების პირველი, საიუბილეო შეხვედრა მოსკოვში, მაცხოვრის საპატრიარქო ტაძარში შედგა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქარიც გადასცა. ტაძარში წირვა-ლოცვა სლავურ, ბერძნულ და ქართულ ენებზე აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ამავე ტაძარში სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიათა მეთაურებს რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი შეხვდა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტმა ცალკე მიიღო, პატრიარქ კირილისა და სხვა მაღალი რანგის რუსი სასულიერო პირების თანდასწრებით, რასაც პროტოკოლური ფოტოც ცხადყოფს. მაცხოვრის საკათედრო ტაძარში რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე პრემიერმა ვლადიმირ პუტინმაც მიულოცა, თუმცა, სხვა ქვეყნების ეკლესიების მეთაურებთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებთან შუაში მდგარი დიმიტრი მედვედევის ფოტოც გამოქვეყნდა, რუსი და ქართველი სასულიერო პირების თანხლებით გადაღებული.

და ყველაზე საინტერესო დეტალი: უშუალოდ მოსკოვისა და სრულიად რუსთა პატრიარქ კირილისთვის დიმიტრი მედვედევმა კრემლში ოფის-რეზიდენცია გამოყო, რომელიც გუშინ ეკურთხა. სწორედ ამ, პატრიარქ კირილის კრემლის ოფისში მიიწვიეს საქრთველოს პატრიარქი და სხვა ქვეყნების ეკლესიათა მეთაურები, რუსეთის პატრიარქმა სწორედ იქ მიიღო პირისპირ საქართველოს პატრიარქი. უწმინდესი და უნეტარესი, თანმხლებ პირებთან ერთად, კირილის კრემლის ოფისის კურთხევის მონაწილეებიც გახდნენ, სანამ შეხვედრა დაიწყებოდა. შეხვედრაზე კი ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც ყველა მონაწილე მხარე შეუერთდა და რომელიც ასე იწყება:

„მოსკოვისა და სრულიად რუსთა პატრიარქ კირილის 65-ე წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, 2011 წლის 21 ნოემბერს, კრემლის საპატრიარქო პალატაში შეიკრიბნენ...“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში არაერთგვაროვნად შეფასდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. ამჟამად თავს შევიკავებთ რადიკალურად განწყობილთა შეფასებების ტირაჟირებისგან როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მათაც გამოთქვეს, ვინც მანამდე ამისგან თავს იკავებდნენ.

ვიდეო: პატრიარქ კირილის ოფისი კრემლში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100