სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰილარი კლინტონი საქართველოში 5 ივნისს ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მოხარული ვარ, პრეზიდენტ ობამასა და შეერთებული შტატების ხალხის სახელით, საქართველოს მოქალაქეებს გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები თქვენი დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს,“ - ნათქვამია კლინტონის საგანგებო განცხადებაში. „რამდენიმე დღეში საშუალება მექნება, ვესტუმრო ბათუმს და ვიგრძნო ქართველი ხალხის სითბო, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მომავალი განვითარებისადმი“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ის აღნიშნავს, რომ წელს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი შესრულდა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. შესაბამისად, „შეერთებული შტატები კვლავაც დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ - აღნიშნავს კლინტონი და დასძენს -„ჩვენ მხარში ვედექით საქართველოს ხალხს 20 წლის წინაც, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, და თქვენთან ვართ დღესაც.“

31 მაისს ჰილარი კლინტონი ევროპულ ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებში ის საქართველოსაც ეწვევა. 5 ივნისს, ბათუმში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100