„ბიზნესდაჯილდოება 2016-ის“ გამარჯვებულები ცნობილია
თიბისი ბანკმა და ჯეოსელმა ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2016-ის“ გამარჯვებულები გამოავლინეს. გამარჯვებულები ნომინაციების მიხედვით არიან:
ü White Studio - წლის მცირე ბიზნესი;
ü ბიოქიმფარმი - წლის ინოვაციური ბიზნესი;
ü ბარბარესთან - წლის ტურისტული;
ü ბადაგი - წლის ქართული პროდუქტი;
ü Bpc - წლის აგრობიზნესი;
ü კინგსი საქართველო - ხალხის რჩეული ;
ü ზეთა კემპინგი - წლის ბიზნესი;
დაჯილდოების ცერემონია თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა და მას პროექტის ყველა მონაწილე, ასევე მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ბიზნესდაჯილდოება 2016“ თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდჭერას და დამწყები მეწარმეების წახალისებას, რომ მათაც გამოიყენონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები და წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროექტი, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, რამდენიმე ფაზისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე კომპანიები მათთვის საურველ ნომინაციებში რეგისტრირდებოდნენ - სულ დარეგისტრირდა 523 კომპანია. შემდეგ დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც კვალიფიციური ექსპერტებისგან შედგება, განაცხადები შეისწავლა და თითოეულ ნომინაციაში 3-3 ფინალისტი გამოავლინა. ხოლო ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვების მსურველი კომპანიები ონლაინ ხმის მიცემის მარათონში ჩაერთნენ.
თიბისი ბანკი და ჯეოსელი საკუთარი რესურსებით ეხმარებოდნენ კომპანიებს სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში. შედეგად, სოციალური ქსელის მეშვეობით „ბიზნესდაჯილდოების“ შესახებ 1 მილიონმა ადამიანმა შეიტყო; ჰეშთეგი #გააზიარეწარმატება 90 000-მდე ადამიანმა გააზიარა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა. დაჯილდოების მთავარი მიზანი სწორედ ამ კომპანიების ცნობადობის ამაღლება და მათი ბიზნესის წარმატების გაზიარება იყო.
ბიზნესდაჯილდოება მომავალ წელსაც გაიმართება და მას ბევრი საინტერესო სიახლე დაემატება.
კომენტარი