სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკლესიის წმინდა სინოდის კრება: „მოქცევაი პარლამენტისაი“ თუ შეჩვენება?

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. ქართული მედიის ნაწილი საულიერო პირებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ სინოდზე საქართველოს პარლამენტის მიერ „რელიგიური გაერთიანებების შესახებ“ მიღებულ კანონს განიხილავენ, თუმცა, საპატრიარქოს ოფიციალური ცნობა სინოდზე განსახილველი საკითხისა თუ საკითხების შესახებ არ არსებობს.

ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის: როგორც წესი, სინოდზე განსახილველი საკითხები წინასწარ თითქმის არასდროს სახელდება – კრების ოქმი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი. რაც შეეხება ვარაუდს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სინოდზე პარლამენტის მიერ მიღებული კანონი განიხილონ, ძნელი წარმოსადგენია, სინოდის წევრებმა დაუშვან მსგავსი პოლიტიკური ლაფსუსი და უკვე მიღებული კანონის განხილვა დაიწყონ. ალბათ, უფრო მეტად, ამ კანონის მიღების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ და პრეზიდენტს მოუწოდებენ, გააუქმოს საკუთარი ხელმოწერა და გამოიყენოს ვეტოს უფლება მანამ, სანამ კანონპროექტი საზოგადოებაში სათანადოდ არ იქნება განხილული.

როგორც წესი, სინოდის თავმჯდომარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს სინოდის რიგგარეშე სხდომის ჩატარების უფლებაც აქვს, თუმცა, საპატრიარქოში არც იმას აცხადებენ, სინოდის კრება დაგეგმილი იყო თუ რიგგარეშეა.

ეკლესიის წმინდა სინოდის კრება ბოლოს 2010 წლის დეკემბერში ჩატარდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ახალი ტიტული ექნებოდა:

„წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.

წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება.

ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.“

ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც ბოლო სინოდის შემდეგ გახმიანდა. მრევლი სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებებს ელოდება. იმსჯელებენ თუ არა სინოდზე პარლამენტის წვრთა „მოქცევაზე“ და მოითხოვენ თუ არა მიღებული კანონის გაუქმებას, სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100