კობა ხაბაზი: პარლამენტის შენობისთვის თანხის გამოყოფა უკანონობაა
თბილისში, პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 8-10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს თანხაა განსაზღვრული რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის მოსაწესრიგებლად, ჯამში როგორც 2012 წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტებიდან. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის ძველი შენობის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.
პარლამენტის ძველი შენობა საკანონმდებლო ორგანოს უკვე დაუბრუნდა. მისი მოწესრიგებისთვის თანხები 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა 2 მილიონი ლარის ოდენობით.
პარლამენტის რეაბილიტაციისთვის 8-10 მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით droni.ge ნაციონალური მოძრაობის წევრს კობა ხაბაზს გაესაუბრა.
„რა საჭიროა პარლამენტის რეაბილიტაციისთვის 8-10 მილიონი ლარის გამოყოფა, როცა ქუთაისში არის უკვე პარლამენტი. მიმაჩნია, რომ ეს ზედმეტი ხარჯია. გარდა ამისა ვთვლი, რომ სანამ პარლამენტი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ მოხდება კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც შეცვლის საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობას, ეს ფაქტი დანაშაულებრივ ქმედებად მიმაჩნია. ეს არის თანხის არა თუ არასწორად, არამედ უკანონოდ გამოყოფა.“- განაცხადა კობა ხაბაზმა.
კომენტარი