"ნაცმოძრაობის" დროს, მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა ღიად, რადგან იყო შიში, ტერორი და ზეწოლა"
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ჭიათურის მოსახლეობას შეხვდა.
მათთან საუბარში კალაძე შეეხო "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების მოწოდებებს მეორე ტურთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვისმენთ სატელევიზიო სივრცეში მოწოდებებს, რომ "ქართული ოცნების"“ კანდიდატების გამარჯვება მეორე ტურში იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის და ამას გვეუბნება "ნაციონალური მოძრაობა", მისი მხარდამჭერები. არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მაგრამ ამას ვერ ავუვლით გვერდს. უნდა შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ადამიანები ჩურჩულით საუბრობდნენ, ოჯახებში მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა ღიად, რადგან იყო შიში, იყო ტერორი, ზეწოლა, სამსახურიდან გამოყრა. ჩვენ ყველაფერი ეს ჩავაბარეთ წარსულს", - განაცხადა კალაძემ.
მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოში არასდროს დააბრუნებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც იძალადებს საკუთარ მოსახლეობაზე, შეურაცხყოფას მიაყენებს, დაჩაგრავს საკუთარ მოქალაქეს.
"შეიძლება, შეცდომები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი განპირობებული იყო ქვეყნის, ხალხის სიყვარულით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და მამოძრავებელი არის ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ და ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თავისუფლებას ვერავინ ვერასდროს ვერ შეეხოს",, - აღნიშნა კახa კალაძემ.
(რეკლამა)
კომენტარი