ერთი კვირის ჩვილის გარდაცვალებაში რკინიგზის სამშობიარო კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ
შემთხვევა თბილისში წუხელ მოხდა: 30 აგვისტოს დაბადებული ჩვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სახელაშვილების ოჯახი ბავშვის დაღუპვაში რკინიგზის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ექიმებს ადანაშაულებენ, რომლებმაც გარდაცვლილის დედა ამშობიარეს.
სახელაშვილების განცხადებით, საკეისრო კვეთით მშობიარობის შემდეგ დედა და შვილი კლინიკიდან მე–4 დღეს სახლში გაწერეს, მაშინ, როცა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშო იყო – მას არაბუნებრივი სისუსტე და სიფერმრკთალე აღენიშნებოდა.
სახლში მიყვანის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ოჯახის წევრები ტელეფონით დაუკავშირდნენ იმ კლინიკის პედიატრს, სადაც ის დაიბადა. სახელაშვილები ამბობენ, რომ სატელეფონო კონსულტაცია ზუსტად შეასრულეს, მაგრამ რადგან ბავშვი ყოველწუთს უარესად ხდებოდა, იძულებულნი იყვნენ, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაეყვანათ, თუმცა, ჩვილი კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
რკინიგზის სამშობიარო სახლში კი აცხადებენ, რომ ბავშვს არანაირი პათოლოგია არ ჰქონდა. პედიატრის განცხადებით, ჩვილს ოდნავ სიყვითლე აღენიშნებოდა და მან საჭიროდ არ ჩათვალა მისი კლინიკაში დატოვება. „მე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ბავშვი ცუდად იყო. დავინტერესდი და ვკითხე, უბნის ექიმთან აღრიცხვაზე თუ ჰყავდათ აყვანილი. აღმოჩნდა, რომ არა. მერე კი ვურჩიე, ბავშვისთვის კუჭი ამოერეცხათ და იაშვილის კლინიკაში წაეყვანათ“, – ამბობს სამშობიარო სახლის პედიატრი.
სახელაშვილების თქმით კი, ჩვილს პრობლემები თავიდანვე ჰქონდა. გარდაცვლილის ბებია იხსენებს: „ექიმებმა დაბადებისთანავე უთხრეს ჩემს რძალს, ბავშვი მღვრიე წყლებში იყო და წყალი აქვს ნაყლაპიო. რძალმა მითხრა, რომ ჟანგბადის ბალიშები იყო საჭირო, მაგრამ ის კლინიკაში არ აღმოაჩნდათ. მერე, როცა სახლში წამოვიყვანეთ, არ მომეწონა პატარა, დავურეკე პედიატრს და ვუთხარი კლინიკური ნიშნები – ბავშვი დროს თითქმის სულ ძილში ატარებდა. ასე მითხხრა, ეძინოს, ძილში გამოდისო...“
მომხდარი შემთხვევით უკვე დაინტერესდა ჯანდაცვის სამინისტრო. უახლოეს ხანში ჩვილის გარდაცვალების საკითხზე მოკვლევა დაიწყება.
კომენტარი